უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები აგროვებენ მონაცემებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის შესაძლო სიკვდილის შესახებ. ამის შესახებ იუწყება უწყების პრესსამსახური.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სოკოლოვი სხდომას ესწრება. უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებოდა, რომ 22 სექტემბერს, ანექსირებულ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის - ფლოტის სარდალი ვიქტორ სოკოლოვი. კრემლს ჯერჯერობით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია ამ საკითხზე გარდა იმისა, რომ პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაცია არ მოსულაო.
„რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებულია 34 ოფიცერი. არსებული წყაროები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთა შორისაა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სარდალი. ბევრი მათგანის ამოცნობა ჯერაც ვერ მოხერხდა, რადგანაც სხეულის ნაწილები გაფანტულია. ვინაიდან რუსები სასწრაფოდ გახდნენ იძულებული, პასუხი გამოექვეყნებინათ თითქოს ცოცხალი სოკოლოვის შესახებ, ჩვენი ქვედანაყოფები ინფორმაციას აზუსტებენ. ეს ხდება ჩატარებული ოპერაციის შედეგების თაობაზე მონაცემების შეგროვების პროცედურის ფარგლებში“, - ნათქვამია უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
უკრაინის არმიამ 25 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში 22 სექტემბერს უკრაინის მიერ რუსეთის ფლოტის შტაბ-ბინაზე განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა შორის იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალიც.
განცხადებაში სარდლის ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ამ პოსტზე 2022 წლის აგვისტოში დანიშნეს ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი. განცხადების თანახმად, დაიჭრა 100-ზე მეტი პირი.
რუსეთის წარმომადგენლებმა მსხვერპლის გაცილებით უფრო დაბალი მონაცემი დაასახელეს და თქვეს, რომ თავდასხმის შემდეგ ერთი პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
როგორც კიევი იუწყებოდა, 13 სექტემბერს სევასტოპოლის გემთსაშენ ობიექტზე მიტანილ იერიშს რუსეთის ფლოტის 62 წევრი შეეწირა, დაზიანდა წყალქვეშა ხომალდი.