Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი გამომძიებლები: ქვეყნის ტერიტორიაზე ნოემბერში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინულია


პშევოდუვში რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი. 2022 წ. ნოემბერი.
პშევოდუვში რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი. 2022 წ. ნოემბერი.

როგორც პოლონეთის პროკურორებმა დაადგინეს, რაკეტა, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ პოლონეთის ყოფილ სახელმწიფო ფერმაში საშრობზე დაეცა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, უკრაინის საზენიტო სისტემის მიერ იყო გაშვებული. ამის შესახებ ლაპარაკია გაზეთ Rzeczpospolita-ს პუბლიკაციაში. გამომძიებლებმა მიმართეს კიევს გამოძიებაში დახმარებისთვის, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

შემთხვევა სოფელ პშევოდუვში მოხდა 2022 წლის 15 ნოემბერს. რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა დასავლეთ უკრაინის ობიექტებზე რუსეთის იერიშის დროს. პოლონეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს, პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მეორე დღეს მთავრობის სხდომაზე უბედური შემთხვევა უწოდა პშევოდუვში მომხდარს.

გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ რაკეტა, რომელიც პშევოდუვში ჩამოვარდა, რუსული წარმოების იყო და ის უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაუშვეს S-300 კომპლექსიდან. ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რაკეტებს წყვილ-წყვილად უშვებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მიზანს მოხვდა რუსეთის მიერ წარმოებული იერიშისას, მეორე კი მიზანს ასცდა. ის ჰაერში უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ თვითგანადგურების მექანიზმმა არ იმუშავა.

პოლონური გაზეთის ცნობით, გამოძიებამ იცის, რომელი საჰაერო თავდაცვის პოზიციიდან იქნა გაშვებული რაკეტა. დასკვნა მომზადდა მრავალი წყაროს მეშვეობით, მათ შორის ტექნიკური ექსპერტიზისა და სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, ნათქვამია პუბლიკაციაში. გამოცემის თანახმად, უკრაინულ მხარეს არ მიეცა გამოძიებაში მონაწილეობის უფლება და კიევს არ უთანამშრომლია გამოძიებასთან.

ეროვნული პროკურატურის სპიკერმა Rzeczpospolita-ს განუცხადა, რომ გამოძიებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ამასთან, მტკიცებულებების შეგროვება დასრულებულია, ამბობს ის. ვარშავამ იურიდიული დახმარებისთვის უკრაინას მიმართა და პასუხს ელოდება. მანამდე კიევის წარმომადგენლებმა ეჭვი გამოთქვეს იმის შესახებ, რომ რაკეტა უკრაინის სამხედროებს ეკუთვნოდა; პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო მიმართვაში მოსკოვი პირდაპირ დაადანაშაულა ნატოს წევრ ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმაში.

ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში დასავლელმა პოლიტიკოსებმა მომხდარზე საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. ამის შესახებ, კერძოდ, განაცხადეს თეთრმა სახლმა, ნატოს წარმომადგენლებმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა. აღინიშნა, რომ საზენიტო რაკეტა რუსული დაბომბვის დროს იქნა გაშვებული და ეს არ მოხდებოდა, რუსეთი რომ არ შეჭრილიყო უკრაინაში.

XS
SM
MD
LG