პარტია „საქართველოსთვის“ მხარს დაუჭერს შოვის სტიქიის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, თუმცა მისი შექმნის შემთხვევაში, კომისიაში არ შევლენ. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიუხედავად იმისა, რომ პარტია “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” პირობებში საგამოძიებო კომისიას „ჭეშმარიტების დასადგენად“ ეფექტიან მექანიზმად არ მიიჩნევს, თვლის, რომ სანამ „საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში“, ხელს არ შეუშლიან კომისიის შექმნას.
პარტიის განცხადებით, გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიიღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ.
"სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას; “ოცნების” ხელისუფლება მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ“, - ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებაში.
შოვის სტიქიის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. საკითხის დაყენება ფრაქციას საშემოდგომო სესიის პირველივე დღეებში სურდა, თუმცა ოქტომბრისთვის გადადეს.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის გადადების მიზეზად 5 სექტემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ დაასახელა პარტია „საქართველოსთვის“ მზაობა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიის ქმედებები მისთვის მიუღებელია, რადგან საკითხი ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, რომელზეც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია, დაელოდებიან "საქართველოსთვის" პასუხს. თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ აღნიშნული პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ დრო მოითხოვა საკითხთან მიმართებით პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
პარლამენტის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ", შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა 9 აგვისტოს მოითხოვა, ორ კითხვაზე პასუხის გასაცემად:
- იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში;
- იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
მსგავსი ინიციატივა ჰქონდა პარტიის, "ხალხისთვის", ლიდერს, ანა დოლიძესაც.
შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 1 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ორი ადამიანი: შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი სიკვდილის მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა.