მესინჯერი WhatsApp-ი არ მისცემს რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას. ამის შესახებ The Moscow Times-ი წერს კომპანია Meta-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით. Meta (ყოფილი Facebook-ი) WhatsApp-ის მფლობელია.
მესინჯერი რუსეთში არ აამოქმედებს არხების სერვის WA Channels-ს. „პროდუქტი უახლოეს მომავალში არ იქნება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი რუსეთში“, - განუცხადა წყარომ The Moscow Times-ს. სხვა ქვეყნებში ეს შესაძლებლობა რამდენიმე კვირაში გაჩნდება.
ადრე რუსეთის ხელისუფლება WhatsApp-ის დაბლოკვით დაიმუქრა, თუ ის რუს მომხმარებლებს არხების შექმნის უფლებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში მესინჯერს გაუჩნდება „სოციალური ქსელის ფუნქციები“, - აცხადებდა რუსეთის ხელისუფლება, ისევე როგორც უკვე დაბლოკილი Facebook-ისა და Instagram-ის შემთხვევებში, რომლებიც ასევე Meta-ს ეკუთვნის. რუსეთის ხელისუფლება Meta-ს „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ მიიჩნევს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთში დაბლოკილია ასობით ათასი ვებსაიტი, მათ შორის სოციალური ქსელები Facebook-ი, Instagram-ი და Twitter-ი, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედიასაიტები, მათ შორის რადიო თავისუფლება. დაბლოკვის გვერდის ასავლელად მომხმარებლები იყენებენ VPN სერვისებს, რომლებსაც ასევე ბლოკავს რუსეთის ხელისუფლება.