Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საელჩო: სიცრუეა ყარაბაღის მოსახლეობის სომხეთის გარეთ განსახლების შესახებ ინფორმაცია


დევნილები არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან
დევნილები არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან

სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება, მათი სიტყვებით, გავრცელებულ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების სომხეთის ფარგლებს გარეთ შესაძლო გასახლების შესახებ. საელჩო მსგავს ცნობებს სიცრუეს უწოდებს.

„სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღზე ბოლო სამხედრო თავდასხმის შედეგად სომხეთში გადაყვანილი სომხების - სომხეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სხვა ადგილებში განსახლების შესაძლო ზრახვებთან დაკავშირებით. სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში უარყოფს მსგავს გამოგონილ ყალბ ამბებს და გმობს მათ გავრცელებას და ამ თემით იაფფასიან სპეკულირებას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღისა და სომეხი ხალხისთვის ამ რთულ დროს“, - ნათქვამია სომხეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიღების შესაძლებლობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

26 სექტემბრის დილის მდგომარეობით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთს მიაშურა 13 500-მა ადამიანმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა 40 ათასი ოჯახის დასაბინავებლად მზადაა.

22 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ არ გამორიცხა, რომ ლტოლვილთა ნაწილი აფხაზეთისკენ წავიდეს. ამავდროულად, მისი თქმით, ეს „მასობრივი მოვლენა არ იქნება“. მან სომხეთის მოქალაქეებთან მიმართებით მიანიშნა დე ფაქტო რესპუბლიკის „გარკვეულ სავიზო ელემენტებზეც.“

პორტალმა "მითების დეტექტორმა" გამოქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც "25 სექტემბერს პროსახელისუფლებო ფეისბუქ-გვერდმა ლიდერი 41 გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყარაბაღიდან გამოყვანილ სომხეთის 40 000-მდე მოქალაქეს ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქეების სახლებში დაასახლებენ. გვერდის მტკიცებით, ჩასახლებას სომეხი ლობისტები და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლობირებენ. ინფორმაცია ლიდერი 41-ის PR მენეჯერმა, David Tordia-მ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზეც გამოაქვეყნა".

ეთნიკური სომხები მთიან ყარაბაღს ტოვებენ იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანის მხრიდან წარმოებული მოკლე სამხედრო შეტევის შემდეგ სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ თანხმობა განაცხადა განიარაღებაზე და ბაქოს სხვა მოთხოვნების შესრულებაზე. მოელიან, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია მალე აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავა.

ორშაბათს ქალაქ ხოჯალიში გაიმართა აზერბაიჯანის ხელისუფლების და ყარაბაღის სომეხთა თემის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. იუწყებიან, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ყარაბაღში იმუშავებს კომუნალური მეურნეობისა და მედიცინის საკითხებზე.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.

XS
SM
MD
LG