საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს. 25 სექტემბერს ის ტალინში შეხვდა ესტონეთის პრეზიდენტს, ალან კარისს.
„ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან, ალარ კარისთან, რომელიც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის!" - დაწერა შეხვედრის შემდეგ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ზურაბიშვილმა.
ესტონეთის პრეზიდენტი ზურაბიშვილთან შეხვედრას ასე გამოეხმაურა: „მქონდა შესანიშნავი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ვგულშემატკივრობთ საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე!"
სალომე ზურაბიშვილი 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდება, 27 სექტემბერს კი ვილნიუსში - ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.
„ქართულ ოცნებას" კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული. როგორც პარტია "ქართული ოცნების"თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში 80 დეპუტატი აწერს ხელს.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
„კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს მთავრობას ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. წარდგინებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ანუ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.
საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომლის შემადგენლობაშიც არიან:
- მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
- ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
- გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
- ირინე იმერლიშვილი – წევრი;
- გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
- ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
- მანანა კობახიძე – წევრი;
- ვასილ როინიშვილი – წევრი;
- თეიმურაზ ტუღუში – წევრი.