აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიიდან ბენზინისა და დიზელის გატანის დროებით აკრძალვის შესახებ, მათზე გავლენას არ მოახდენს.
„ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვა იმ შემთხვევებზე არ ვრცელდება, როდესაც ექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო მთავრობათაშორისი შეთანხმებით. რეალურად აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი ემყარება აფხაზეთის და რუსეთის მთავრობებს შორის პროდუქტით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (2012 წლის 28 მაისის). ამგვარად, ნავთობპროდუქტების მიწოდება დაემყარება ადრე მიღწეულ შეთანხმებას", - ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
კომპანია „აზიდმა" „აფსნიპრესს" შეატყობინა, რომ ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის მიმართულებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, სოხუმში, ავტოგასამართ სადგურებზე რიგებია.
ცნობილი იყო, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ“. 21 სექტემბერს დამტკიცებული ამ დოკუმენტის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი აკრძალვა არ ეხებოდა „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელს“.
თუმცა 23 სექტემბერს დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სოხუმსა და ცხინვალში საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“ არაერთხელ განუცხადებიათ. საწვავის დეფიციტის მიზეზებს შორის სახელდებოდა „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილი მოხმარება, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმური გათიშვა და მოსავლის სეზონი“.