Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს კომისია: რუსი სამხედროები უკრაინელებს სიკვდილამდე აწამებდნენ


გაეროს კომისია: რუსეთის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე განაგრძობენ ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.
გაეროს კომისია: რუსეთის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე განაგრძობენ ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთან მოქმედი საერთაშორისო კომისია, რომელიც უკრაინაში მომხდარ დარღვევებს იძიებს, ორშაბათს გამოვიდა ზეპირი მოხსენებით. კომისიის დასკვნით, რუსეთის სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე განაგრძობენ ომის დანაშაულების ჩადენას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ანგარიშში ჩამოთვლილია უკანონო თავდასხმები ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით, წამების და სექსუალური ხასიათის ძალადობის შემთხვევები, ასევე თავდასხმები ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე.

კომისიის წევრები უკრაინაში ესაუბრნენ მსხვერპლებს და დანაშაულთა თვითმხილველებს. მათ აღრიცხეს სარაკეტო თავდასხმები საცხოვრებელ სახლებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ნაწილებში, რომლებსაც ხანგრძლივად აკონტროლებდნენ რუსეთის სამხედროები, ადგილობრივი მოსახლეობა ჰყვება სისტემატურ წამებაზე. ყველაზე ხშირად წამებას ექვემდებარებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც ბრალად სდებდნენ უკრაინის არმიასთან თანამშრომლობას. ზოგ შემთხვევაში, ეჭვმიტანილები დაკითხვისას იხოცებოდნენ, წამების შედეგად.

კომისიის ხელმძღვანელის, ერიკ მიოსეს თქმით, ხერსონის ოლქში რუსეთის სამხედროები ხშირად მიმართავდნენ სექსუალური ხასიათის ძალადობას. დადგენილი მსხვერპლის ასაკი მერყეობს 19-დან 83 წლამდე. ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლის ოჯახის წევრებს აკავებდნენ მეზობელ ოთახში, ისე, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ მოესმინათ ძალადობის ხმა.

კომისიამ ასევე განაცხადა დარღვევების "უმნიშვნელო რაოდენობაზე" უკრაინის სამხედრო ძალების მხრიდან და უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, ეს შემთხვევები ოპერატიულად გამოიძიოს.

დეტალურ ანგარიშს კომისიის წევრები ოქტომბერში გააცნობენ გაეროს გენერალურ ასამბლეას.

რუსეთი უარყოფს უკრაინაში ომის მსვლელობისას როგორც სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს, ისე რუსეთის სამხედროების აგრესიას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობები ოკუპირებულ რეგიონებში არ უშვებენ საერთაშორისო დამკვირვებლებს.

XS
SM
MD
LG