Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს ერევნის ყოფილი მერი


ალბერტ ბაზეიანი, ერევნის ყოფილი მერი
ალბერტ ბაზეიანი, ერევნის ყოფილი მერი

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერს, ალბერტ ბაზეიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მცდელობასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებს. ბაზეიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ბაზეიანის გარდა, ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში კიდევ 7 ადამიანს ადანაშაულებენ. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბაზეიანმა და მასთან ერთად დაკავებულებმა განზრახვა სისრულეში უწყების ჩართვის გამო ვერ მოიყვანეს.

ბაზეიანის ადვოკატმა გევორგ მელიქიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტპატიმრად, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული დაძაბულობის ფონზე დააპატიმრა.

გევორგ მელიქიანმა ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ბაზეიანის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღეს მიმართა.

დღეს დილით ერევანში დაიწყო ოპოზიციის მიერ გამოცხადებული დაუმორჩილებლობის აქციები.

ერევანში ერთი კვირის წინ დაწყებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ასზე მეტი ადამიანია დაკავებული.

საპროტესტო აქციები მოჰყვა სომხეთის მთავრობის პოზიციას, დათანხმებოდა მთიან ყარაბაღში (სომხური სახელწოდება - არცახი) აზერბაიჯანის პირობებით ზავის დამყარებას. მათი თქმით, არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის. შეიქმნა ეროვნული კომიტეტი პრემიერ-მინისტრის ხელისუფლების გადასაყენებლად, საპარლამენტო ოპოზიცია კი ფაშინიანის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას აპირებს.

XS
SM
MD
LG