კოსოვოს წარმომადგენელთა განცხადებით, პოლიციამ აღადგინა კონტროლი სერბული მართლმადიდებლური ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში - დაძაბული ვითარების შემდეგ, რომელიც მოჰყვა "მძიმედ შეიარაღებული" ჯგუფის თავდასხმას, რამაც იმსხვერპლა ერთი პოლიციელი და სამი სავარაუდო თავდამსხმელი.
"ტერიტორიაზე კონტროლი დავამყარეთ. ამას მივაღწიეთ რამდენიმე შეტაკების შემდეგ", - უთხრა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯელალ სვეცლამ ჟურნალისტებს 24 სექტემბერს.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ კოსოვოს პოლიციას შეტაკება ჰქონდა 30-მდე თავდამსხმელთან, რომლებსაც სამხედრო უნიფორმები ეცვათ და შესაძლო კავშირები ჰქონდათ მართლმადიდებლური მონასტრის კომპლექსთან სოფელ ბანისკაში. შეტაკება დაიწყო ადგილობრივი დროით დილის 2.30 საათზე და მას მოჰყვა ფარული მინიშნებები მეზობელი მეტოქე ქვეყნის, სერბეთის ჩართულობაზე.
შეტაკების შემდეგ კოსოვოს პოლიცია აცხადებდა, რომ მოკლულია სამი თავდამსხმელი და დაპატიმრებულია ექვსი პირი, მათ შორის ორი თავდამსხმელი და კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებსაც რაციები და იარაღი აღმოაჩნდათ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.