Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი უკრაინაში პოლონეთის გავლით ბრუნდება


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-სა და კანადაში ვიზიტების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ბრუნდება პოლონეთში შეჩერების შემდეგ.

ბოლო დღეებში ორი ქვეყნის ურთიერთობა დამძიმდა კონფლიქტით უკრაინის მარცვლეულის იმპორტის თაობაზე, თუმცა კიევი და ვარშავა შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხზე კომპრომისს მოძებნიან.

ზელენსკი ჩავიდა ქალაქ ლიუბლინში, სადაც ჯილდოები გადასცა ორ პოლონელ მოხალისეს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარებისთვის.

უკრაინის სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს ჟურნალისტმა ბიანკა ზალევსკაიამ და მოხალისე დამიან დუდამ, რომელმაც დაჭრილი უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად ორგანიზება გაუწია სამედიცინო ბრიგადას.

"მადლობას ვუხდი მთელ პოლონეთს, აუწონავი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამო, რომელსაც წვლილი შეაქვს მთელი ჩვენი ევროპის თავისუფლების დაცვაში" - ვკითხულობთ ზელენსკის ტვიტერის ანგარიშზე.

მიმდინარე კვირაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ტელეარხ Polsat News-ს უთხრა, რომ პოლონეთი "აღარ აწვდის იარაღს უკრაინას, ის საკუთარ თავს აიარაღებს თანამედროვე იარაღით".

ამის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშევა არ გეგმავს უკრაინას მიაწოდოს ის თანამედროვე იარაღი, რომელიც პოლონეთის არმიის საჭიროებებისთვისაა შესყიდული.

მორავიეცკის ინტერვიუ ძირითადად ეთმობოდა "მარცვლეულის სკანდალს", რომელმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაძაბა. კიევი აღაშფოთა პოლონეთის გადაწყვეტილებამ გაეხანგრძლივებინა უკრაინის მარცვლეულის იმპორტი, უფრო იაფი საქონლისგან საკუთარი ფერმერების დასაცავად.

22 სექტემბერს, უფრო ადრე, მორავიეცკიმ ზელენსკის მოუწოდა, აღარასოდეს "შეურაცხყოს" პოლონელები, რითაც კიევის მიმართ შეინარჩუნა მკაცრი რიტორიკა მას მერე, რაც პოლონეთის პრეზიდენტი შეეცადა ჩაეცხრო უთანხმოება მარცვლეულის იმპორტის თაობაზე.

ზელენსკიმ პოლონეთის გულისწყრომა გამოიწვია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლით, როცა თქვა, რომ მარცვლეულის იმპორტის საკითხზე გამართული "პოლიტიკური თეატრი" მოსკოვს აძლევს ხელს.

"მსურს პრეზიდენტ ზელენსკის მოვუწოდო, აღარასოდეს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, როგორც ეს მან გაეროში გამოსვლისას გააკეთა", - თქვა მორავიეცკიმ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG