მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები აცხადებენ, რომ ამ, ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონის სეპარატისტებმა დაიწყეს იარაღის ჩაბარება. ეს ნაწილია ბაქოსთან შეთანხმებისა, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანის მხრიდან მიმდინარე კვირაში განხორციელებული შეტევის შემდეგ.
რუსეთის ძალების განცხადებით, ჩაბარებულია 800-ზე მეტი ავტომატური იარაღი, ჭურვები, ანტისატანკო რაკეტები და სისტემები, და ეს პროცესი შაბათ-კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
შეთანხმება გაფორმდა 22 სექტემბრის შეხვედრაზე ყარაბაღის ეთნიკური სომხების წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანს შორის. სეპარატისტები აცხადებენ, რომ რუსეთის შუამავლობით ამჟამად ბაქოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს მათი ძალების გაყვანის ორგანიზებაზე.
აზერბაიჯანის მიერ მიმდინარე კვირაში განხორციელებულმა სწრაფმა შეტევამ კამათის საგნად ქცეულ ტერიტორიაზე ათიათასობით ეთნიკური სომეხი დატოვა ელექტროენერგიის და სხვა საბაზისო საჭიროებების გარეშე. მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000-მდე ადამიანისთვის ჰუმანიტარულმა დახმარებამ ჩასვლა დაიწყო 22 სექტემბერს.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ 19-20 სექტემბერს განხორციელებულმა, 24-საათიანმა შეტევამ - რომელსაც ბაქო "ანტიტერორისტულ ოპერაციას" უწოდებს - სეპარატისტული რეგიონი მისი კონტროლის ქვეშ მოაქცია.
სომხეთი და აზერბაიჯანი გაეროს გენერალურ ასამბლეას 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში მიმართავენ.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ, ერევნის მხარდაჭერით.