კანადაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ამ ქვეყნის პარლამენტში გამოვიდა სიტვით. თემთა პალატის დეპუტატები და სენატორები, რომლებიც ერთ-ერთ იშვიათ ერთობლივ სხდომაზე შეიკრიბნენ, არაერთხელ აწყვეტინებდნენ მას გამოსვლას აპლოდისმენტებით. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კანადას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ასევე მან კვლავ დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე გენოციდის მოწყობის მცდელობებში.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, რომელიც ზელენსკის ესაუბრა, თქვა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ოტავა კიევს 650 მილიონი კანადური დოლარის ოდენობის (დაახლოებით 485 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარებას გაუწევს. კერძოდ, უკრაინას მიეწოდება 50 ჯავშანმანქანა, ასევე ლეოპარდ-2 ტანკები. გარდა ამისა, კანადელი პილოტები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი მფრინავების მომზადებაში F-16 გამანადგურებლებზე.
მანამდე ზელენსკიმ მოლაპარაკება გამართა ტრუდოსთან და კანადის მთავრობის წევრებთან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული რუსული აქტივების შესაძლო კონფისკაციის საკითხი. კანადა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე თანმიმდევრულად უჭერენ მხარს უკრაინას. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კანადამ კიევს 7 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ასევე მრავალი სანქცია დააწესა რუსეთის წინააღმდეგ.
პარასკევს კანადამ გამოაცხადა, რომ აფართოებს სანქციების სიას. მას დაემატა 60-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი.
ზელენსკი ასევე შეხვდა კანადის გენერალ-გუბერნატორ მერი საიმონს, რომელიც ქვეყანაში წარმოადგენს მის მონარქს, ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს. უკრაინის პრეზიდენტს თან ახლავს მეუღლე ოლენა.
ზელენსკი კანადაში აშშ-იდან ჩავიდა, ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს იარაღის მიწოდება. ზელენსკი ასევე გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და გაეროს უშიშროების საბჭოში.