შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, რომელიც 21 სექტემბერს გაიმართა ვაშინგტონში, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კიევს გადასცემს მცირე რაოდენობის შორ მანძილზე მოქმედ ATACMS რაკეტებს. ამის შესახებ NBC News-ი იუწყება წყაროებზე დაყრნობით აშშ-ის ადმინისტრაციასა და კონგრესში. The Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები „ახლოა“ უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილებასთან.
წყაროებმა არ იციან, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება ან როდის შეიძლება რაკეტები გადაეცეს უკრაინას. ATACMS-ები არ შედის უკრაინისთვის განკუთვნილი ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტში, რომელიც გუშინ გამოცხადდა. აშშ-ის ადმინისტრაციას ჯერ ოფიციალურად არ გაუკეთებია კომენტარი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ზელენსკის და უკრაინულ მხარეს.
უკრაინა დიდი ხანია, სთხოვს შეერთებულ შტატებს ამ რაკეტებს, რომლებსაც 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვთ. ასეთი რაკეტების მიწოდება ნიშნავს, რომ დარტყმის პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს რუსული ობიექტები უკრაინის თითქმის მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. მედიის წყაროები ადასტურებენ, რომ ვაშინგტონში არ არის ერთიანობა ამ რაკეტების მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. ისინი არც ისე ბევრია აშშ-ის არსენალში, გარდა ამისა, ზოგი შიშობს, რომ მათმა მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს აშშ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი გამწვავება.
The Washington Post-ის თანახმად, შესაძლოა უკრაინას გადაეცეს კასეტური ქობინების მქონე რაკეტები.
უკრაინა ფრონტზე იყენებს ბრიტანულ Storm Shadow რაკეტებს, რომელთა მოქმედების რადიუსი 100 კილომეტრზე მეტია. საუბარია ჰაერი-მიწა რაკეტებზე, რომელთა გამოყენებისთვის აუცილებელია ავიაცია. ATACMS-ის გამშვებები არის HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, რომლებიც უკრაინას უკვე აქვს ექსპლუატაციაში.