Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: ევროკომისია ევროკავშირს რეკომენდაციას გაუწევს, კიევთან დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები


ევროპის კომისიის შენობა. ბრიუსელი, 5 ივნისი, 2020.
ევროპის კომისიის შენობა. ბრიუსელი, 5 ივნისი, 2020.

ევროკომისია ოქტომბერში აპირებს, ევროკავშირს გაუწიოს რეკომენდაცია, რომ დაიწყოს უკრაინასთან მოლაპარაკებები კავშირში გაწევრიანების თაობაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. ამასთან, ევროკომისიამ შესაძლოა, უკრაინას „შუალედური ნაბიჯების“ სახით მოსთხოვოს პროგრესის მიღწევა რიგ სფეროებში, კერძოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შარშან ევროკავშირმა განსაზღვრა შვიდი კრიტერიუმი, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს უკრაინამ მოლაპარაკებების დასაწყებად. უკრაინის ხელისუფლება აღიარებს, რომ ოქტომბრისთვის ყველა ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.

უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი შარშან შემოდგომაზე მიიღო მოლდოვასთან ერთად. ბევრი დამკვირვებელი ამ გადაწყვეტილებას, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის ნიშნადაც აფასებს. არანაკლებ სერიოზული ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება. როგორც წესი, ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასა და მოლაპარაკებების დაწყებას შორის დიდი დრო გადის ხოლმე. მაგალითად, ჩრდილოეთი მაკედონია 2005 წელს გახდა კანდიდატი, მოლაპარაკებები კი მხოლოდ 2022 წელს დაიწყო.

თუ ევროკომისია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას გასცემს, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ დეკემბრის სამიტზე. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ჯერ კიდევ არ არის იმის იმედი, რომ ყველა ლიდერი თანახმა იქნება - კერძოდ, გაურკვეველია უნგრეთის პოზიცია, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს უკრაინასთან.

თავად მოლაპარაკებები, როგორც წესი, რამდენიმე წელიწადს გრძელდება ხოლმე. ისინი განსაზღვრავენ ზომებს, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის სტანდარტების შესასრულებლად 30-ზე მეტ სფეროში. კანდიდატ სახელმწიფოს ცვლილებების შეტანა მოუწევს კანონმდებლობასა და სამართალდამცავ პრაქტიკაში.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, თუმცა აღიარებენ, რომ ეს ქვეყანა ამჟამად არ შეესაბამება ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმებს.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა, პარასკევს ბრიტანულ გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, თუმცა ამ ორგანიზაციამდე მისი გზა ადვილი არ იქნება და მისი წარმატებით დასრულებისთვის კიევმა კიდევ ბევრი რეფორმა უნდა გაატაროს.

ბორელმა აღნიშნა, რომ ახლა არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი, რადგან ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და თუ მას მიიღებენ, ის იქნებოდა კავშირის ერთადერთი „წმინდა ბენეფიციარი“ წევრი.

ამავე დროს, ჟოზეპ ბორელის თქმით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება გრძელვადიან პერსპექტივაში ნიშნავს „მოდუნებული სიესტის დასასრულს“, რომელიც დგას ევროკავშირის გაფართოების საკითხში. ამჟამად რვა ქვეყანაა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი, საქართველომ და ნაწილობრივ აღიარებულმა კოსოვომ წარადგინეს წევრობაზე განაცხადები, რომლებიც ჯერ არ არის დამტკიცებული.

XS
SM
MD
LG