„მეგობრული და ნეიტრალური ქვეყნების“ საკრედიტო ორგანიზაციებსა და ბროკერებს რუსეთის სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის უფლება ექნებათ. სახელმწიფოების სიის დამტკიცების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ მიხეილ მიშუსტინმა.
სიაში არიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ალჟირი, ბანგლადეში, ბაჰრეინი, ბრაზილია, ვენესუელა, ვიეტნამი, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ყაზახეთი, კატარი, ჩინეთი, კუბა, მალაიზია, მაროკო, მონღოლეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ომანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, სერბეთი, ტაილანდი, თურქეთი, სამხერთ აფრიკის რესპუბლიკა.
მედიის ცნობით, თავიდან 44 ქვეყნის დაშვება იგეგმებოდა, მათ შორის საქართველოსიც, თუმცა მოგვიანებით სია 32 ქვეყნამდე შემცირდა. მანამდე რუსეთს არ ჰქონია ქვეყნების სია, რომლებსაც სავალუტო ბაზარზე ვაჭრობა შეეძლოთ.
„საქართველო სიაში იმიტომ არაა, რომ თითქოს არამეგობრულია, ამავდროულად მეგობრულიცაა. საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს „იმეგობრებს“ თუ არა მომავალშიც რუსეთის ფედერაციასთან, ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში შევა თუ არა ამ სიაში“ - უთხრა საფინანსო სკოლის დამფუძნებელმა ანდრეი პლოტნიკოვმა გამოცემა BFM-ს.
ეს ნორმების ამოქმედებით მოსკოვში რუბლის კურსის სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მომავალში ქვეყნების სია გადაიხედოს.
რუსეთის საფონდო ბაზრის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ მონაწილეებს: კომერციული ბანკები; საინვესტიციო ფონდები; საბროკერო ფირმები; საფონდო ბირჟები. რუსეთის საფონდო ბაზარს რუსეთის ბანკი არეგულირებს.
2022 წლის მარტში რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია შეადგინა. სიაში არ მოხვდა საქართველო, რომელმაც უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან შეერთებაზე.