Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთიდან გააძევეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი არქიმანდრიტი


არქიმანდრიტი ვასიანი
არქიმანდრიტი ვასიანი

ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) მამულის წინამძღოლი სოფიაში, არქიმანდრიტი ვასიანი და ნიკოლოზ მირლიკიელის სახელობის ტაძრის ორი ღვთისმსახური. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ბულგარეთში რუსეთის საელჩოს პრესსამსახურმა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების გაძევების მიზეზი, როგორც რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ტასს“, იყო ის, რომ ბულგარეთის ხელისუფლების აზრით, ისინი "საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას."

ბულგარეთში რუსეთის ელჩის, ელეონორა მიტროფანოვას განცხადებით, სასულიერო პირებმა ქვეყანა ერთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ, ვასიანი და ორი მღვდელი ავტოზაკში ჩასვეს და სახლში წაიყვანეს, რათა შეეძლოთ თავიანთი ნივთების შეგროვება. ამის შემდეგ მღვდლებს სერბეთთან საზღვარზე გადაიყვანენ.

"აშკარაა, რომ ბულგარეთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ დაისახა ამოცანა, გაანადგუროს არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირები ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არამედ გაწყვიტოს კავშირები დობილ რუსეთისა და ბულგარეთის ეკლესიებს შორის, ერთმანეთს გადაკიდოს რუსი და ბულგარელი ხალხები“, - ნათქვამია სოფიაში რუსეთის ელჩის განცხადებაში.

ბულგარული გამოცემა dveri.bg წერს, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლებამ არქიმანდრიტ ვასიანის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აკრძალვის მიზეზი, "დემოკრატიული ბულგარეთის პარტიის" თანათავმჯდომარის, ატანას ატანასოვის თქმით, იყო ის, რომ ვასიანი არაერთხელ ეწვია ჩრდილოეთ მაკედონიას "რუსული დაზვერვის ფუნქციების შესასრულებლად მაკედონიის ეკლესიაში განხეთქილების ჩამოგდების მიზნით."

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ბულგარეთმა ქვეყნიდან 70 რუსი დიპლომატი გააძევა. იმ დროს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირილ პეტროვის თქმით, გაძევებული დიპლომატების უმეტესობა სპეცსამსახურებში მუშაობდა და დიპლომატიური საქმიანობა მათთვის შირმის როლს ასრულებდა.

XS
SM
MD
LG