თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ „ფორმულის" ჟურნალისტის, ელისო ჯარიაშვილის და ჟურნალისტ გიორგი კეპულაძის შვილის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია „ალტ-ინფოს" მხარდამჭერის, ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), რომელიც არასრულწლოვანის ინტერესებს იცავს, აღნიშნავს, რომ „საქმე შეეხებოდა ხატია ჯანაშიას მიერ არასრულწლოვანის ვიდეოს გამოყენებას, დამონტაჟებას და გავრცელებას იმგვარად, რომ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა თითქოს არასრულწლოვანი საუბრობდა წიგნზე, რომელიც ლგბტქ თემატიკაზეა დაწერილი, რითაც წარმოიშვა საფრთხე არასრულწლოვნის მიმართ კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან".
PHR-ის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 21 ივლისს ორდერი გამოცემული იყო კანონიერად. ორდერი გამოცემულია 9 თვის ვადით. ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვანის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება; ასევე, არასრულწლოვანის შესახებ საუბარი ყველა სახის მედიასაშუალების (მათ შორის - სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით.
არასრულწლოვანის დედამ, ელისო ჯარიაშვილმა, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა: „პრორუს, მოძალადე ჯგუფთან დავა ისევ მოვიგეთ. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დამცავი ორდერი და დადგინდა უკვე მეორედ, რომ ხელისუფლებისა და ფარცხალაძეების მართული დაჯგუფება ბავშვებზე მოძალადეა".