Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი არსებული კონტრაქტებით გააგრძელებს უკრაინის იარაღით უზრუნველყოფას - ვარშავის წარმომადგენელი


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ ვარშავა "უკვე აღარ აწვდის იარაღს უკრაინას".
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ ვარშავა "უკვე აღარ აწვდის იარაღს უკრაინას".

პოლონეთი არსებული კონტრაქტების ფარგლებში უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემას გააგრძელებს, - ამის შესახებ პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პეტრ მიულერმა განაცხადა.

"იარაღის მიწოდების საკითხების კონტექსტში მინდა გაცნობოთ, რომ პოლონეთი მხოლოდ საბრძოლო მასალისა და იარაღის წინასწარ შეთანხმებულ მიწოდებას ახორციელებს. ეს ასევე ეხება უკრაინასთან დადებულ კონტრაქტებს. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, პოლონეთის იარაღის მწარმოებელთა მიერ 1898 წლის შემდეგ ხელმოწერილი ყველაზე დიდი უცხოური კონტრაქტია ჰაუბიცა „კრაბების“ მიწოდების მხრივ", - თქვა მიულერმა, რომლის სიტყვებსაც ავრცელებს სააგენტო PAP.

მან აღნიშნა, რომ პოლონეთში კვლავ მოქმედებს უკრაინის საერთაშორისო დახმარების "ჰაბი".

"შეგახსენებთ, რომ ომის პირველ თვეებში პოლონეთმა უზრუნველყო უკრაინის თავდაცვისათვის მნიშვნელოვანი ტანკების, ჯავშანტექნიკის, თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალების მიწოდება, რომლებიც საჭირო იყო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესაჩერებლად. ომის პირველ თვეებში, როდესაც ევროკავშირის სხვა ქვეყნები განიხილავდნენ მხარდაჭერას, პოლონეთი თანმიმდევრულად ეხმარებოდა კიევს რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში", - დასძინა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

ეს განცხადება გაკეთდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის სიტყვების შემდეგ, რომელმაც დაბნეულობა გამოიწვია.

20 სექტემბერს, გვიან საღამოს, როცა გამოცემა Polsat News-ის კითხვას პასუხობდა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ირგვლივ არსებულ მზარდ დიპლომატიურ უთანხმოებაზე, მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ ვარშავა "უკვე აღარ აწვდის იარაღს უკრაინას". მისი თქმით, ნატოს წევრი პოლონეთი - რომელიც ომში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო - ამის ნაცვლად "საკუთარ თავს აიარაღებს ყველაზე თანამედროვე იარაღით".

მანამდე პოლონეთის მთავრობამ კიევის ელჩი დაიბარა, რათა "ძლიერი პროტესტი" გამოეხატა იმაზე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, გაეროში გამოსვლისას თქვა - რომ ზოგ მოკავშირეს მხოლოდ თავი მოაქვს, თითქოს უკრაინას მხარს უჭერს და იარაღით ეხმარება.

XS
SM
MD
LG