პოლონეთმა დარტყმა მიაყენა უკრაინას და მისი პრეზიდენტის მოწოდებებს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების უკუგდებისთვის საჭირო უფრო დიდი საერთშორისო მხარდაჭერისკენ, როცა პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ მიანიშნა, რომ ვარშავა "უკვე აღარ აწვდის იარაღს უკრაინას".
მორავიეცკიმ დაბნეულობა გამოიწვია 20 სექტემბერს, გვიან საღამოს, როცა გამოცემა Polsat News-ის კითხვას პასუხობდა უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ირგვლივ არსებულ მზარდ დიპლომატიურ უთანხმოებაზე. მორავიეცკის თქმით, ნატოს წევრი პოლონეთი - რომელიც ომში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო - ამის ნაცვლად "საკუთარ თავს აიარაღებს ყველაზე თანამედროვე იარაღით".
მანამდე პოლონეთის მთავრობამ კიევის ელჩი დაიბარა, რათა "ძლიერი პროტესტი" გამოეხატა იმაზე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, გაეროში გამოსვლისას თქვა, რომ ზოგ მოკავშირეს მხოლოდ თავი მოაქვს, თითქოს უკრაინას მხარს უჭერს და იარაღით ეხმარება.
გაურკვეველია, რამდენად წარმოადგენს მარცვლეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე მორავიეცკის მინიშნება ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკას. პოლონეთის საინფორმაციო სააგენტო PAP 21 სექტემბერს ავრცელებს განცხადებას, რომ პოლონეთი ასრულებს იარაღის მიწოდებაზე გაფორმებულ შეთანხმებებს, მათ შორის უკრაინასთან.
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში იმყოფება და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შეხვედრებს მართავს მსოფლიოს ლიდერებთან. 21 სექტემბერს ის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და კონგრესის ლიდერებს შეხვდება.
საკუთრივ უკრაინაში ოფიციალურმა პირებმა 21 სექტემბერს განაცხადეს, რომ დილის 4 საათზე ქვეყნის მასშტაბით ჩაირთო განგაშის სირენა და რუსეთის მხრიდან რამდენიმე ქალაქზე განხორციელდა თავდასხმები რაკეტებით და დრონებით. არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, მათ შორის კიევიდან.