Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტრო: ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილია


ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მიზანშეწონილია ქვეყნის მოქალაქეობა შეუწყდეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. განცხადება სამინისტროს სახელით გავრცელდა.

"საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან", - წერია განცხადებაში.

პრეზიდენტის წინასწარი თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს. სალომე ზურაბიშვილი მზად არის, შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს მოქალაქეობა დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე;

ბ) მისი ხელმოწერის დღიდან თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.

*ტექსტი და სათაური განახლებულია იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკგანცხადების ცვლილებების შესაბამისად.

XS
SM
MD
LG