ნორვეგია თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს ავტომანქანებს რუსეთის სანომრე ნიშნებით. ნორვეგია რუსეთის მოსაზღვრე შენგენის ზონის ქვეყნებიდან უკანასკნელია, რომელიც ამას გააკეთებს. ოსლოს გადაწყვეტილების შესახებ იტყობინება ნორვეგიული გამოცემა NRK.
„ფინეთის მსგავსად, ნორვეგია შეზღუდვებს დააწესებს რუსეთში რეგისტრირებული მანქანების იმპორტსა და გამოყენებაზე. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ განხორციელდება ეს და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ეფექტიან ზომებს“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ეივინდ ვად პეტერსონმა.
მანამდე რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს საზღვრები ჩაუკეტეს პოლონეთმა, ფინეთმა, ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ. ვილნიუსმა გამონაკლისი დაუშვა მანქანებისთვის, რომლებიც ტრანზიტით მიემართებიან კალინინგრადისკენ ან კალინინგრადიდან.
8 სექტემბერს ევროკომისიამ განმარტა სანქციების გამოყენების პროცედურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნების საბაჟო უფლებამოსილია, ბლოკში რუსეთიდან არ შეუშვას აკრძალული საქონელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების მანქანები და პირადი ნივთები. რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდა დაზუსტება, რომლის მიხედვითაც, საბაჟო ორგანოებმა პირველ რიგში მანქანებს უნდა მიაქციონ ყურადღება.