Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს


აქცია ეროვნული ბანკის ოფისთან
აქცია ეროვნული ბანკის ოფისთან

თბილისში, ეროვნული ბანკის სათავო ოფისის მიმდებარედ, საპროტესტო აქცია იმართება ბანკის გადაწყვეტილების გამო, დაიცვას აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის აქტივები.

„პროცესი ძალიან ცხელია. მოთხოვნები ჩამოყალიბდება ყველას თანამშრომლობით. მთავარი მოთხოვნა არის რუსული ჯაშუშური ქსელისგან საქართველოს გაწმენდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

აქცია თავდაპირველად ნიკა მელიას ინიციატივით დაანონსდა, თუმცა მას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტებიც შეუერთდნენ.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს.

„ეს არის ღირსეული საქმე. ნათლად გამოჩნდა, რომ ეროვნული ბანკის, [ნათია] თურნავას, გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოვიდა კომერციული ბანკების პოზიციასთან“, - თქვა ხაზარაძემ და თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა მას შემდეგ, რაც გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა. ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს. "ბანკი ქართუ" აცხადებს, რომ კლიენტების მომსახურებისას იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკით გათვალისწინებულ წესებს.

XS
SM
MD
LG