Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიების“ დაწყების შესახებ განაცხადა


ფოტო არქივიდან: აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ქალაქ ლაჩინში ბოძზე ამაგრებს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას. 2020 წლის 1 დეკემბერი
ფოტო არქივიდან: აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ქალაქ ლაჩინში ბოძზე ამაგრებს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას. 2020 წლის 1 დეკემბერი

სტეფანაკერტში (ხანკენდი) საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა „მასირებული სროლის“ შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო. უწყების ცნობით, „ღონისძიების ფარგლებში ფრონტის ხაზზე და სიღრმეში ზეზუსტი იარაღის გამოყენებით მწყობრიდან გამოდის სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო მასალები და საბრძოლო დანიშნულების ობიექტები“.

ბაქო აცხადებს, რომ "სამიზნეს არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები, მწყობრიდან მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოდის".

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი და თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა.

მანამდე ბაქომ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შესახებ. აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ნაღმი დადებული იყო "ტერორისტული მიზნებით სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მიერ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში".

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა. 2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღისა და მისი მიმდებარე აზერბაიჯანული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში სომხური ჯარების მიერ იყო ოკუპირებული. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

XS
SM
MD
LG