ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს. როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. მან ილაპარაკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს.
ღარიბაშვილი ნიუ-იორკში ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს. ოფიციალური ცნობით, მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად დაესწრო მდგრადი განვითარების მიზნების სამიტის გახსნას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვა. დიალოგის თემაა „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“. გაეროს გენერალურ დებატებზე პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს 22 სექტემბერს მიმართავს.