Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: „თუ პუტინი იარაღს დადებს, მშვიდობა იქნება“


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიაჯგუფ Funke-სთან ინტერვიუში, რომელიც 17 სექტემბერს, კვირას გამოქვეყნდა.

„ომების უმეტესობა უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე დაწყებისას ვარაუდობენ ხოლმე, - თქვა მან, - ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ თუ [უკრაინის] პრეზიდენტი [ვოლოდიმირ] ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს“.

სტოლტენბერგის თქმითვე, „თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დადებენ, მშვიდობა იქნება“.

ნატოს გენერალურ მდივანს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუმცა არ დაასახელა ქვეყნის ალიანსში შესვლის ზუსტი თარიღი.

ვილნიუსში ივლისის ნატოს სამიტზე, უკრაინამ, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, არ მიიღო ალიანსში გაწევრიანების მიწვევა. სამიტის ბოლოს ხელმოწერილ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ G7 ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება გრძელვადიანი, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

იენს სტოლტენბერგმა უკრაინისათვის იარაღის მიწოდების მზარდ ხარჯებზეც ილაპარაკა.

„ცივი ომის დროს, როდესაც კონრად ადენაუერი ან ვილი ბრანდტი მართავდნენ, თავდაცვის ხარჯები შეადგენდა მშპ-ის 3-4%-ს. ასე მოვიქეცით მაშინ და დღესაც იგივე უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც ასევე შენიშნა, რომ თავის სამშობლოში, ნორვეგიაში, თავდაცვის ხარჯები ჩამოუვარდება ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დასახულ 2%-იან მაჩვენებელს.

სტოლტენბერგის თქმით, ნორვეგიის მთავრობის მეთაურად მუშაობის წლებში გააცნობიერა, „რაოდენ რთულია თავდაცვისთვის მეტი თანხის გამოყოფა, როცა საჭიროა მეტი თანხები ჯანდაცვაზე, განათლებაზე ან ინფრასტრუქტურაზე“.

XS
SM
MD
LG