Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ბირთვული სააგენტოს ინსპექტორების დანიშვნაზე უარი თქვა


გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი. 11 სექტემბერი, 2023 წელი
გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი. 11 სექტემბერი, 2023 წელი
თეირანმა გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს აცნობა, რომ გააუქმა სააგენტოს რამდენიმე ექსპერტის დანიშვნა, რომელთა ფუნქცია იყო ირანში ურანის გამდიდრების ვითარების შემოწმება.
ეს ნაბიჯი "მტკიცედ დაგმო" გაეროს უწყების ხელმძღვანელმა.
"ინსპექტორები სააგენტოს ყველაზე გამოცდილ ექსპერტებს შორის არიან, რომელთაც აქვთ უნიკალური ცოდნა გამდიდრების ტექნოლოგიის სფეროში", თქვა რაფაელ გროსიმ, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, 16 სექტემბერს თავის განცხადებაში.
გროსიმ თქვა, რომ "დღევანდელი გადაწყვეტილებით, ირანმა ფაქტობრივად, გაათავისუფლა სააგენტოს ყველაზე გამოცდილი ინსპექტორების ირანისთვის განკუთვნილი ძირითადი ჯგუფის დაახლოებით ერთი მესამედი".
მან დასძინა, რომ თეირანის ნაბიჯი, "მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დაშვებულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებით, ირანის მიერ ისე განხორციელდა, რომ ის პირდაპირ და სერიოზულად აისახება სააგენტოს შესაძლებლობაზე, ეფექტიანად განახორციელოს თავისი მეთვალყურეობა ირანში". ინსპექტორების წინააღმდეგ მიღებული ზომების რაიმე მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ამ წლის დასაწყისში, თეირანმა პირობა დადო, რომ ითანამშრომლებდა გაეროს ბირთვულ მეთვალყურეებთან გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად მას შემდეგ, რაც ინსპექტირებამ - ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით - გადმოცემის თანახმად, აჩვენა, რომ თეირანმა გაამდიდრა ურანი თითქმის ბირთვული იარაღის დონემდე.
ირანმა და მსოფლიოს ექვსმა ქვეყანამ 2015 წლის გააფორმა ბირთვული შეთანხმება, რომლის მოგვიანებით აშშ-მა დატოვა. ახლა მიმდინარეობს ამ შეთანხმების აღორძინების მცდელობა.
16 სექტემბრის განცხადებაში გროსიმ თქვა: "მკაცრად ვგმობ ამ არაპროპორციულ და უპრეცედენტო ცალმხრივ ზომას, რომელიც გავლენას ახდენს ირანში სააგენტოს საქმიანობის ნორმალურ დაგეგმვასა და წარმართვაზე და აშკარად ეწინააღმდეგება თანამშრომლობას, რომელიც უნდა არსებობდეს სააგენტოსა და ირანს შორის."
მან მოუწოდა თეირანს, "გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდეს სააგენტოსთან თანამშრომლობის გზას". ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG