Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლის „რევიზორი“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმყოფება


ალან გაგლოევი და დმიტრი ვოლვაჩი, ცხინვალი
ალან გაგლოევი და დმიტრი ვოლვაჩი, ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფება რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დმიტრი ვოლვაჩის მეთაურობით.

„რევიზორის ვიზიტი“ - ასე უწოდეს ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა ვოლვაჩის ვიზიტს. რუსეთის ხელისუფლებაში სწორედ მას ევალება ოკუპირებულ რეგიონში რუსული ფულის მიზნობრივი ხარჯვის პროცესისა და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაწყებული პროექტების დასრულების კონტროლი.

ოსური მედიის ცნობით, რუსეთი ცხინვალისგან ითხოვს, ორგანიზაციებში ე.წ. გაბერილი შტატების შემცირებას და ამით რუსული ფულის დაზოგვას.

ოსური მედიის ცნობითვე, დმიტრი ვოლვაჩი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ალან გაგლოევს შეხვდა და მასთან განიხილა პრობლემატური საკითხები.

დიმიტრი ვოლვაჩი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „ნიჟნი ზარამაგის“ (როკის გვირაბთან მოწყობილი ე.წ საზღვრის და საბაჟოს) გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის საკითხს რუსეთის ფედერაციის და სამხრეთ ოსეთის ე.წ საზღვარზე, რაც გაზრდის მოქალაქეების და ტვირთების გამტარუნარიანობას.

„ადგილმდებარეობით ეს არის ძალიან რთული ობიექტი, მაგრამ ჩვენი ტრანსპორტის სამინისტროსთვის ეს პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, რუსეთის მხრიდან ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ეს გააადვილებს და ააჩქარებს გადაადგილების პროცედურას“, - თქვა ვოლვაჩმა.

რუსეთისთვის ცხინვალი დოტაციური რეგიონია და მისი ბიუჯეტის 95 პროცენტი რუსეთის ბიუჯეტიდან ივსება. წელს ეს დაფინანსება დაახლოებით 1 მილიარდი რუბლით უკვე შემცირდა. ოსური მედიის ცნობით, გაგლოევი ვოლვაჩს ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდის პრობლემაზე ესაუბრა და დახმარება ითხოვა, რადგან ოკუპირებულ ცხინვალში საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება.

შეხვედრის დასასრულს ალან გაგლოევმა დმიტრი ვოლვაჩს მეგობრობის ორდენი გადასცა.

XS
SM
MD
LG