ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო. აკრძალვა 15 სექტემბერს იწურება. ამასთან, პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ის, თავის მხრივ, არ გააუქმებს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას.
მანამდე უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ იმავეს გააკეთებდნენ ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოსაზღვრე ყველა ქვეყნიდან მხოლოდ ბულგარეთი ეთანხმება ევროპული გადაწყვეტილების განხორციელებას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკომისიის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ახანგრძლივებს. "იმიტომ, რომ ეს პოლონელი ფერმერების ინტერესებშია", - აღნიშნა მან. "ჩვენ არ მოვუსმენთ ბერლინს, არ მოვუსმენთ ფონ დერ ლაიენს, ტუსკს ან ვებერს", - დასძინა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
- ევროკომისიამ 2 მაისიდან დროებით აკრძალა ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირას თესლის ექსპორტი უკრაინიდან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.
- იაფფასიანი უკრაინული პროდუქციის შემოდინებამ გადასახადების არარსებობის გამო გამოიწვია ის, რომ ამ ქვეყნების ფერმერების საკუთარ პროდუქტებს შეუმცირდა კონკურენტუნარიანობა. მათ არ შეეძლოთ პროდუქციის ფასის დაწევა და მათი წარმოება წამგებიანი ხდება.
- პოლონეთში ფერმერების საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰენრიკ კოვალჩიკი თანამდებობიდან გადადგა.
- აპრილის შუა რიცხვებში პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული პროდუქციის იმპორტის დროებითი აკრძალვა შემოიღეს, მსგავსი ზომები განიხილა რუმინეთმაც.