Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან 300 000-მა კაცმა გააფორმა კონტრაქტები


ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა სოჭში. 15 სექტემბერი, 2023 წელი
ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა სოჭში. 15 სექტემბერი, 2023 წელი

რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, ნაცვლად 270 ათასისა, ბოლო მონაცემებით, შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტები გააფორმა რუსეთის 300 000-მა მოქალაქემ, რომლებიც „მზად არიან სიცოცხლე გაწირონ თავიანთი სამშობლოს, რუსეთის ინტერესების დასაცავად“.

ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა 15 სექტემბერს, ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ მოკლე პრესკონფერენციაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში ჩრდილოეთკორეელი მოხალისეების შესაძლო მოწვევის შესახებ დასმულ შეკითხვას.

„ჩვენ არ გვაქვს ასეთი საჭიროება, რომ გარედან მოვიწვიოთ ხალხი სამხედრო ოპერაციებისთვის. მეტიც, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, მოხალისეებად მოსულმა 300 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი კონტრაქტებს. მეტიც, ფორმირებული დანაყოფები აღჭურვილია იარაღისა და აღჭურვილობის თანამედროვე მოდელებით, ზოგი უკვე 85-90 პროცენტით არის დაკომპლექტებული“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვისათვის, მაგრამ ამის მზაობა არ აქვს კიევს, რომელმაც, პუტინის თქმით, აშშ-ის კარნახით უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებაზე.

15 სექტემბერს სოჭში დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები. წინასწარი ინფორმაციით, პუტინსა და ლუკაშენკას უნდა ემსჯელათ უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო.

ბელარუსი მხარს უჭერს მოსკოვის ომს უკრაინაში. მან რუსეთს თავისი ტერიტორიიდან თავდასხმების განხორციელების საშუალება მისცა.

XS
SM
MD
LG