Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ყოფილი დეპუტატი, ნანა ყეინიშვილი წარადგინა


ნანა ყეინიშვილი
ნანა ყეინიშვილი

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები.

ნანა ყეინიშვილი 2012-2016 საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან". ის საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა.

2001-2012 წლებში ნანა ყეინიშვილი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი იყო.

კიდევ ერთი კანდიდატი, თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობს.

28 ივნისს პარლამენტში მმართველმა გუნდმა ჩააგდო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები (გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 22 ივნისს აირჩიეს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა. ის ბანკის საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად შეარჩია მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაძლია ვეტო და ამოქმედდა კანონში შეტანილი ცვლილებები. თურნავა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში იყო მინისტრი, თანამდებობის დატოვებიდან მალევე კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.

13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შემდეგ კი მიიღო „ქართული ოცნების" კანონპროექტის პირვანდელი ვერსია და თებერვალში დადებული ვეტო დაძლია.

თუკი მანამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებდა სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, კანონმა გააჩინა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დაეკისრა ამ მოვალეობის შესრულება.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შორის არ დაასახელა საქართველოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც საბჭოში მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატია. სწორედ ეს სახელდებოდა კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზად.

XS
SM
MD
LG