Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ჟურნალისტი ივან საფრონოვი კოლონიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს


ივან საფრონოვი სასამართლოში. მოსკოვი, 16 ივლისი, 2020.
ივან საფრონოვი სასამართლოში. მოსკოვი, 16 ივლისი, 2020.

რუსი ჟურნალისტი ივან საფრონოვი, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, კრასნოიარსკის მხარეში მდებარე კოლონიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ეტაპით. ამის შესახებ იტყობინება ერთდროულად რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც საფრონოვთან მიმოწერა აქვთ. ოთხშაბათს მათ მიიღეს შეტყობინება ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურიდან, რომ ადრესატი „სხვა დაწესებულებაში გაემგზავრა“. უწყებაში მის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს არ ამხელენ.

BBC-ის ცნობით, ჯერ კიდევ სამშაბათს, საფრონოვისგან მოდიოდა 10 სექტემბერს გამოგზავნილი წერილები. მისი ეტაპირება შესაძლოა 11-12 სექტემბერს განხორციელებულიყო. ადრე ნათესავებისადმი მიწერილ წერილებში საფრონოვს არ უხსენებია, რომ მას სხვა კოლონიაში გადაყვანა ელოდა.

ჟურნალისტის დამ, ირინა კოვიაზინამ თქვა, რომ 23 სექტემბერს დაგეგმილი იყო მოკლევადიანი ვიზიტი შრომა-გასწორების კოლონია-7 „არეისკოეში“. შეხვედრა არ შედგება, თარიღის შეცვლის საშუალება არ არის, მას ხელახლა მოუწევს მასზე დარეგისტრირება.

ივან საფრონოვი იყო მედიაში არაერთი რეზონანსული პუბლიკაციის ავტორი რუსეთის არმიის, კოსმოსური და სამხედრო მრეწველობის შესახებ.

2022 წლის 22 სექტემბერს სასამართლომ საფრონოვი დამნაშავედ ცნო ნატოს ქვეყნების დაზვერვის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემაში. „კომერსანტისა“ და „ვედომოსტის“ ყოფილი კორესპონდენტი, რომელიც დაკავებამდე როსკოსმოსის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობდა, დანაშაულს არ აღიარებს.

ჟურნალისტის ბევრი კოლეგა დარწმუნებულია, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო დევნიან. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, საფრონოვის სისხლის სამართლის საქმე პირდაპირ უკავშირდებოდა მის ჟურნალისტურ საქმიანობას. მისმა ტექსტმა ეგვიპტისთვის რუსული Su-35 სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების შესახებ 2019 წელს ეგვიპტის თავდაცვის უწყებაში სკანდალის პროვოცირება მოახდინა. სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე ინფორმაციის გამოქვეყნებით კაიროს უკმაყოფილების შესახებ მასალები შეიტანეს ღალატთან დაკავშირებულ საქმეში.

XS
SM
MD
LG