დიდმა ბრიტანეთმა შესწორება შეიტანა მიგრაციის შესახებ 2014 წლის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ. ცვლილება ძალაში 8 სექტემბრიდან შევიდა. ინფორმაციას პორტალი NewlandChase ავრცელებს.
ცვლილება არ შეეხებათ საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრიტანეთში ტრანზიტულად შევლენ მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე ან განკარგულების ძალაში შესვლამდე ჰქონდათ ჯავშანი მოგზაურობაზე.
ამასთან, ცვლილება არ შეეხებათ საქართველოს, რუსეთისა და წითელ სიაში მყოფი სხვა მრავალი ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის ან შეერთებული შტატების ვიზას ან აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის უფლება.
NewlandChase-ის თანახმად, როგორც წესი, ნორმატიული აქტი ბრიტანეთში ძალაში შედის მისი პარლამენტში წარდგენიდან 21 დღეში. მიზეზი, რის გამოც აქტი პარლამენტისადმი წარდგენიდან მომდევნო დღეს ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ შიშობდნენ, ცვლილების ძალაში შესვლამდე მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდი ბრიტანეთში მოხვედრისას თავშესაფარს მოითხოვდნენ.
2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს უცვლელად უკავიათ პირველი ადგილი ბრიტანული სატრანზიტო პირობების ბოროტად გამოყენებით თავშესაფრის მოთხოვნის მიხედვით.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ცვლილებით შეამცირებს იმ მოქალაქეთა რიცხვს, რომლებიც ბრიტანეთში ტრანზიტის საფუძვლით სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან და სინამდვილეში თავშესაფარს ითხოვენ.
მოგვიანებით ამ თემაზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც: "8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ეს რეჟიმი ასზე მეტ ქვეყანასთან მიმართებით შემოიღო.