Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ს კომისია რუსეთს დიქტატურას უწოდებს


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) იურიდიული საკითხებისა და ადამიანის უფლებების კომისიამ რუსეთს უწოდა დიქტატურა და გამოხატა შეშფოთება ქვეყნის 2020 წლის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებების თაობაზე. ეს შესწორებები რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საშუალებას აძლევს, ძალაუფლება 2036 წლამდე შეინარჩუნოს.

"რუსეთის პრეზიდენტის გადამწყვეტმა ძალაუფლებამ, რომელიც ეფუძნება თანამდებობაზე ყოფნის უაღრესად ხანგრძლივ ვადას, შემაკავებელი და დამაბალანსებელი მექანიზმების - ძლიერი პარლამენტის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, თავისუფალი მედიისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების - არარსებობის პირობებში, რუსეთი გადააქცია ფაქტობრივ დიქტატურად", - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

პარლამენტართა აზრით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოწმობს, რომ დიქტატორული რეჟიმები "წარმოადგენენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, თავიანთი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისთვის და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის".

"რუსეთში დემოკრატიის აღდგენა უპასუხებს უწინარესად რუსეთის მოქალაქეების და ასევე ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებს", - აცხადებს კომისია.

ამასთან, პარლამენტარებმა დაუდასტურეს მხარდაჭერა მომავალ, საგანგებო, საერთაშორისო ტრიბუნალს, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის პუტინის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს მათ ქმედებებზე, ყირიმის ანექსიიდან, დონბასში ომისა და MH17 თვითმფრინავის ჩამოგდებიდან დაწყებული.

2022 წლის ოქტომბერში PACE-მ თავის რეზოლუციაში რუსეთს უწოდა "ტერორისტული რეჟიმი".

პოლიტიკურ საკითხებზე PACE-ს გადაწყვეტილებები ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო ხასიათის არ არის. 2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს, უკრაინაში მისი შეჭრის პასუხად.

XS
SM
MD
LG