Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: მარცვლეულის გარიგებიდან რუსეთის გამორიცხვა დიდხანს ვერ გასტანს


რეჯეპ ტაიპ ერდოანი "დიდი შვიდეულის" პერიოდში დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე. 10 სექტემბერი, 2023.
რეჯეპ ტაიპ ერდოანი "დიდი შვიდეულის" პერიოდში დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე. 10 სექტემბერი, 2023.

შავი ზღვის მარცვლეულის გარიგების განახლების ნებისმიერი ინიციატივა, რომლიდანაც გამორიცხული იქნება რუსეთი, დიდი ალბათობით ვერ იქნება მდგრადი, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 10 სექტემბერს დელიში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე.

რუსეთი, უკრაინა და თურქეთი აპირებენ, გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, დასძინა ერდოანმა.

მარცვლეულის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სურსათის ექსპორტი წარმოებდა რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, 2022 წლის ივლისში დაიდო. ოთხმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა თურქეთისა და გაეროს მონაწილეობით. შეთანხმება ითვალისწინებდა პირობებს შავი ზღვის გავლით რუსეთისა და უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეუფერხებლად ექსპორტისთვის შუამავლების გარანტიით.

2023 წლის 17 ივლისს რუსეთი გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმებათა ნაწილი, რომლებიც რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტს ეხებოდა, არ შესრულდა.

18 ივლისს რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ოდესის რეგიონის რეგულარული დაბომბვა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა დაასახელა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე თავდასხმა.

ივლისის ბოლოს The Wall Street Journal-ის წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პუტინი უგულებელყოფს ერდოანის თხოვნას მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებების შესახებ. გამოცემის თანამოსაუბრეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის მიზეზად დაასახელეს თურქეთის მიერ პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში ექსტრადიციით პუტინის უკმაყოფილება. მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნის დამცველები 2022 წლის გაზაფხულზე დანებდნენ და გაცვლის შედეგად ისინი სტამბოლში გადაიყვანეს. გაცვლის პირობების თანახმად, ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

XS
SM
MD
LG