Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, პუტინს არ დააპატიმრებენ G-20-ის სამიტზე 2024 წელს


ბრაზილიის პრეზიდენტი ინასიუ ლულა და სილვა. ბრიუსელი, 17 ივლისი, 2023.
ბრაზილიის პრეზიდენტი ინასიუ ლულა და სილვა. ბრიუსელი, 17 ივლისი, 2023.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს 2024 წელს „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე არ დააპატიმრებენ, თუ ის მასში პირადად მონაწილეობას გადაწყვეტს. მან დაადასტურა, რომ ეპატიჟება რუსეთის პრეზიდენტს G20-ის მომავალ შეხვედრაზე რიო-დე-ჟანეიროში და მას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს.

წელს პუტინი არ დაესწრო G20-ის სამიტს, რომელიც დელიში გაიმართა. რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. პუტინი ასევე არ დაესწრო BRICS-ის სამიტს იოჰანესბურგში: ის შეხვედრებში მონაწილეობდა ვიდეოკავშირით.

შაბათს G20-ის ქვეყნებმა შეათანხმეს დეკლარაცია, რომელიც პირდაპირ არ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში. დოკუმენტში მხოლოდ ნათქვამია, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, თავი შეიკავოს მუქარებისგან და დაიცვას ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი.

ბრაზილია ხელმომწერია რომის სტატუტისა, რომელიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საფუძველი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მარტში გამოსცა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი. ICC-ის მიერ ისინი ეჭვმიტანილი არიან უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით დეპორტაციაში.

XS
SM
MD
LG