Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სასაზღვრო კანონდარღვევის გამო 50-ზე მეტი პირი დააკავეს


სოფელი გუგუთიანთკარი, საოკუპაციო ხაზთან
სოფელი გუგუთიანთკარი, საოკუპაციო ხაზთან

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ე.წ სასაზღვრო სამსახური აგვისტოში დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ე.წ საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე დარღვევის 51 შემთხვევა აღრიცხეს. КГБ-ს პრესსამსახური მიუთითებს, რომ 19-მა ადამიანმა ე.წ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი დაარღვია, 32 კი - ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმი.

„КГБ-ს სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა შესაბამისი გამოძიება სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის თითოეულ ფაქტზე. აღნიშნული საპროცესო მოქმედების შედეგად 31 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა ჯამური 29 500 რუბლის (790 ლარი) ოდენობით, ორი გააძევეს სამხრეთ ოსეთიდან, სიტყვიერად გააფრთხილეს თვრამეტი დამრღვევი", - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გამოცდილება მოწმობს, რომ „გაძევებულ მოქალაქეებში“ დე ფაქტო რესპუბლიკის КГБ, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობს. გამოქვეყნებული სტატისტიკიდან იკვეთება, რომ დანარჩენი 50 ადამიანი, რომლებიც დე ფაქტო ე.წ სასაზღვრო სამსახურმა დააკავა, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლა მხოლოდ ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან, რუსული პასპორტებით შეუძლიათ, რაც მათთვის დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული.

გამონაკლისია ახალგორი რაიონი, სადაც მხოლოდ ადგილობრივის მცხოვრებლებისთვის ე.წ გამშვები პუნქტი თვეში ათი დღით იხსნება.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო სასჯელს ამჟამად საქართველოს 4 მოქალაქე იხდის. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები 12 სექტემბერს, ,ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს დააყენებენ.

XS
SM
MD
LG