Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის მანქანას, დაიღუპა ორი უცხოელი


საილუსტრაციო ფოტო: ექიმი პირველად დახმარებას უწევს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს ბახმუტის მახლობლად. 19 ივნისი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: ექიმი პირველად დახმარებას უწევს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცს ბახმუტის მახლობლად. 19 ივნისი, 2023.

კვირას უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ცეცხლი გაუხსნეს ჰუმანიტარული ორგანიზაცია Road to Relief-ის ავტომობილს. დაიღუპა ორი უცხოელი. ამის შესახებ იტყობინება თავად ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ასევე ესპანური გაზეთი El Mundo.

Road to Relief-ის ცნობაში ნათქვამია, რომ მანქანას, რომელშიც უცხო ქვეყნების ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა, თავს დაესხნენ რუსი სამხედროები. მანქანა სლავიანსკიდან ბახმუტის მიმართულებით მიდიოდა და მას ცეცხლი გაუხსნეს ჩასოვ-იარში მოძრაობისას.

ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად ავტომობილი ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ახლა გროვდება ყველა საჭირო ინფორმაცია და Road to Relief-ი როგორც სამხედროებთან, ასევე პოლიციასთან არის კავშირში ყველა საკითხის მოსაგვარებლად. რუსეთის მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც აღნიშნავენ, დაბომბვის მსხვერპლნი იყვნენ კანადელი მოხალისე ენტონი იგნატი და ესპანეთის მოქალაქე ემა იგუალი. მძიმედ დაშავდა კიდევ ორი მოხალისე ექიმი - გერმანიიდან და შვედეთიდან. ორივე საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

Road to Relief-ი 2022 წლის მარტიდან ფუნქციონირებს. იგი ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის უკრაინის იმ დასახლებული პუნქტების მოსახლეებს, რომლებიც ფრონტის ხაზზე მდებარეობს, და ხალხს ევაკუაციას უწევს საბრძოლო ზონიდან, აღნიშნავს BBC-ის რუსული სამსახური.

XS
SM
MD
LG