Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლი იპოვნეს


შოვის სტიქიის ადგილი. 5 აგვისტო, 2023
შოვის სტიქიის ადგილი. 5 აგვისტო, 2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებმა შოვში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვნეს და გრძელდება დაკარგულთაგან ბოლო ადამიანის სამძებრო სამუშაოები.

„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყების ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებაში კვლავ ჩართულია როგორც შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ცოცხალი ძალა, ასევე „მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი“.

ბოლო მონაცემებით, დაკარგულად ითვლებოდნენ სტიქიის დროს დაღუპული ზაზა მესხის ოჯახის წევრები, კერძოდ - ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი მოზარდი მისი მეუღლის, ასევე სტიქიის დროს დაღუპული ალინა პოლიკოვსკას შვილია, ხოლო მეორე მოზარდი - ზაზა მესხის შვილი პირველი ქორწინებიდან. ზაზა მესხი და მისი კიდევ ერთი შვილი [პირველი ქორწინებიდან] შაბათს დაკრძალეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, ალინა პოლიკოვსკა, რომლის ცხედარიც სტიქიის შემდეგ მალევე აღმოაჩინეს, ჯერ არ არის დაკრძალული.

ზაზა მესხი და მისი მეუღლე, ბავშვებთან ერთად, რაჭაში, უწერაში ისვენებდნენ, საიდანაც ისინი, 3 აგვისტოს, შოვის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობდა და საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას გარდაიცვალა ორი ადამიანი. შსს-ს გამომძიებელი მირიან ჭელიძე და თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა. მათი გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება დასახელდა.

XS
SM
MD
LG