უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 31 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ იტყობინება ბი-ბი-სი და "მედიაზონა", რომლებიც ერთობლივად აწარმოებენ დანაკარგების დათვლას.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ ის დაღუპულები არიან, რომელთა სახელებისა და დასაფლავების ადგილების დადგენა შესაძლებელი გახდა ღია წყაროების მეშვეობით.
დანაკარგების რეალური რიცხვი შეიძლება მეტი იყოს.
8 სექტემბრისთვის ცნობილია 31 665 დაღუპულის შესახებ. მათგან 3534 - მობილიზებული იყო. პატიმრები დაღუპულთა კვლავ ყველაზე დიდ კატეგორიას შეადგენენ, მაგრამ მათი რაოდენობის ზრდა წლის პირველ ნახევართან შედარებით შენელებულია.
დაკრძალვების უმეტესობა მოდის სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკისა და როსტოვის ოლქებზე, ბაშკირეთსა და ბურიატეთში.
დაღუპვის შესახებ ცნობათა დიდი რიცხვი კრასნოდარის მხარესა და მოსკოვის ოლქიდან, სხვა მიზეზთა შორის, იმით აიხსნება, რომ იქ მოხალისეები სასაფლაოებზე მიდიან და სამხედროების დაკრძალვის ფოტოებს იღებენ - ანუ, დაღუპულთა დიდი რიცხვი საჯაროდ ხდება ცნობილი.
გამომძიებლები დათვლას აწარმოებენ ღია წყაროებიდან - ადგილობრივი ადმინისტრაციების, მედიის და დაღუპულთა ნათესავების განცხადებებიდან, ასევე სასაფლაოების მონაცემების მიხედვით. დაღუპულთა რეალური რიცხვი, მათი აზრით, შესაძლოა, ორჯერ - ორნახევარჯერ მეტი იყოს. ამ წლის მაისის ბოლოსთვის, გამოცემების - "მედიაზონასა" და "მედუზას" დათვლების მიხედვით, ომში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა 47 ათასს შეადგენს.
ჟურნალისტებმა ეს რიცხვი საბრძოლო ასაკის მამაკაცების ჭარბსიკვდილიანობის შესახებ ცნობებზე დაყრდნობით გამოთვალეს.
25 აგვისტოს, წინა ცნობის შემდეგ, სიას კიდევ 967 სახელი დაემატა.