კორპორაცია SpaceX-ის თავკაცმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, შარშან საიდუმლო ბრძანებით გაათიშვინა თაისი კომპანიის მიერ უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი Starlink-ის სატელიტური კავშირი, რათა არ მიეცა უკრაინისთვის საშუალება, წყალქვეშა დრონებით თავდასხმა განეხორციელებინა სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის ფლოტზე.
ასეთ მტკიცებას შეიცავს მასკის შესახებ გამოცემული ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც აშშ-ში 12 სექტემბერს იხილავს დღის სინათლეს. წიგნი დაწერა ბიოგრაფიების ცნობილმა ავტორმა, უოლტერ აიზეკსონმა.
წიგნის ნაწყვეტები ტელეკომპანია CNN-ის განკარგულებაში აღმოჩნდა. როგორც წიგნის იმ თავშია აღნიშნული, რომელიც ჩაშლილ შეტევას ეხევა, Starlink-ის გათიშვის შემდეგ ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე უკრაინის საზღვაო დრონებმა დაკარგეს „მართვა და ნაპირზე გამოირიყნენ“.
CNN-ის პუბლიკაციაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როდის მოხდა ზუსტად ეს ამბავი. უცნობია ისიც, არის თუ არა ამ მოვლენის სავარაუდო თარიღი აღწერილი გამოსაქვეყნებლად გამზადებულ წიგნში.
როგორც ილონ მასკის ბიოგრაფიის ავტორი აღნიშნავს, ბიზნესმენმა თავისი კომპანიის ინჟინრებს დაავალა კავშირის გაწყვეტა, რადგან ეშინოდა იმის, რომ რუსი სამხედროები შავი ზღვის ფლოტზე მასიურ იერიშს ბირთვული დარტყმით უპასუხებდნენ. ირწმუნებიან, რომ მასკს ასეთი შთაბეჭდილება, შესაძლოა, რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ დარჩენოდა.
ამტკიცებენ იმასაც, რომ უკრაინის წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მილიარდერი გადაწყვეტილების შეცვლაში, მაგრამ ის თავის პოზიციაზე დარჩა. "Starlink-ი შეიქმნა იმისთვის, რომ ხალხს შეეძლოს Netflix-ის ყურება, დასვენება, სკოლაში ინტერნეტთან დაკავშირება, მშვიდობიანი საქმეების კეთება და არა დრონებით იერიშების განსახორციელებლად", - განუცხადებია მასკს წიგნის ავტორისთვის.
როგორც მასკის ბიოგრაფიაშია ხაზგასმული, მილიარდერი ნამდვილად შიშობს, რომ მისმა ქმედებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის კიდევ უფრო მეტ ესკალაციას და ეს შიში დიდწილად განსაზღვრავს მის ქმედებებს. ყირიმზე დარტყმით, მასკის თქმით, "უკრაინა ძალიან ღრმად შეტოპავდა" და მას "სტრატეგიული მარცხი" დაემუქრებოდა.
თავად ბიზნესმენს ან მის წარმომადგენლებს CNN-თან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ტელეარხი ხაზს უსვამს, რომ მას არ აქვს დამოუკიდებელი დადასტურება აიზეკსონის მიერ გადმოცემული ვერსიის თაობაზე. მაგრამ გასულ წელს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რაც უკრაინელ სამხედროებს Starlink-ის კავშირის გამო ექმნებოდათ ფრონტის ხაზზე.