Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელფასების ზრდა და შევიწროების ფაქტებზე რეაგირება - რას პასუხობს betlive-ი დასაქმებულებს


თბილისი. სლოტ კლუბი betlive.
თბილისი. სლოტ კლუბი betlive.

საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ აზარტული თამაშების კომპანია betlive-ს უკმაყოფილო თანამშრომლები ჰყავს. მათი ნაწილი, რომელთა უფლებებსაც პროფკავშირები "ლაბორი" იცავს, აცხადებს, რომ ირღვევა შრომის კოდექსით მათთვის გარანტირებული უფლებები.

"ლაბორმა არაერთხელ მიმართა დამსაქმებელს მოლაპარაკების დაწყების მიზნით, თუმცა ჩვენი შეფასებით, დამსაქმებელი თავს არიდებს პროფკავშირთან მოლაპარაკებებს და ცდილობს პროფკავშირული ნიშნით დასაქმებულთა შევიწროებას", - აცხადებენ პროფკავშირებში.

ორგანიზაცია ასახელებს იმ მოთხოვნათა მცირე ჩამონათვალსაც, რომელიც betlive-ში დასაქმებულთა ნაწილს აქვს. მათ შორის:

  • თანამშრომლებს ჰქონდეთ საკუთარ ხელშეკრულებებზე წვდომა;
  • ყველა დასაქმებულს შეეძლოს ანაზღაურებადი ბიულეტენის აღება;
  • კომპანიას ჰქონდეს სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირება;
  • ხელფასები გაიზარდოს 50 პროცენტით.

betlive-ის ადმინისტრაციული დირექტორი, თედო დვალიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ ის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც მათ შრომის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, ცდილობს კომპანიის დისკრედიტაციას.

"ეს არის ჯგუფი, რომელიც ცდილობს თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის განხეთქილების შეტანას, ხელმძღვანელების დისკრედიტაციას, მათ შორის უწმაწური, ბინძური სიტყვებით... ჩვენი ვალი არის ის, რომ თუნდაც მაღალ თანამდებობაზე იყოს [ადამიანი], მათი უფლებებიც იყოს დაცული დისკრიმინაციისგან", - ამბობს თედო დვალიშვილი.

მისი თქმით, ყველა თანამშრომელს, რომელსაც უნდა ხელშეკრულების ასლის მიღება, შეუძლია კომპანიას მიმართოს იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი ექნება. დვალიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლების შვებულებაში გაშვების დროს ხელმძღვანელობენ შრომის კოდექსით, ბიულეტენის გამოყენება კი დასაქმებულებს შეუძლიათ.

"შვებულებების რიგითობის განაწილების უფლება აქვს დამსაქმებელს, როდესაც "მოუნდება" ყველას, ვერ გავა. დამსაქმებლის მოსაზრებასაც აქვს მნიშვნელობა", - განმარტა მან.

betlive-ის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის თქმით, ტყუილია, რომ თანამშრომელთა ხელფასები მერყეობს 700-დან 1000 ლარამდე:

"აგიხსნით, რატომ. 1000 ლარის არის მოჭრილი ხელფასი სრულად სმენების მუშაობის შემთხვევაში. ამას დამატებული აქვს ბონუსი და მომხმარებლისგან დატოვებული "თიფი". მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ 1500 ლარი მაინც... ეს "თიფი" ხომ ჩვენთან მუშაობის პროდუქტია. ეს არ არის პირდაპირ გაწეული ხარჯი, მაგრამ ჩვენთან საქმიანობის შედეგია".

თედო დვალიშვილის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი კომპანია შრომის ინსპექციამ ორჯერ შეამოწმა და სექსუალური შევიწროების ფაქტები ვერ გამოავლინა:

"[ერთ-ერთმა თანამშრომელმა] სექსუალური შევიწროების ფაქტად დაგვისახელა, რომ ერთი წლის წინ მომხმარებელმა დარბაზში "კუკლა" დამიძახაო. ეს არის სექსუალური შევიწროებაო, ასეთი განმარტება მოგვცა... ასეთი შემთხვევებისთვის გვყავს უსაფრთხოების სამსახური, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ... იმის პრევენცია, რომ შემოსული ადამიანი რას დაიძახებს, წინასწარ ვერ მოვახდენთ".

"ლაბორი" ახლა მედიაციაში ჩასართავად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. სწორედ ეს უწყება ერთვება ხოლმე დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის პრობლემების მოგვარებაში.

XS
SM
MD
LG