Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა აღიარა, რომ რუსული დრონის ნამსხვრევები მის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ფოტოზე გამოსახული დრონის აფეთქება უკვე რუმინეთის ტერიტორიაზე მოხდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ფოტოზე გამოსახული დრონის აფეთქება უკვე რუმინეთის ტერიტორიაზე მოხდა.

რუსული დრონის ნამსხვრევები უკრაინის წინააღმდეგ იერიშის შემდეგ, როგორც ჩანს, რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა. ადრე რუმინეთის ხელისუფლება უარყოფდა მის ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნას. კიევში, პირიქით, განაცხადეს, რომ 3 სექტემბერს ღამით დუნაიზე უკრაინის პორტების წინააღმდეგ განხორციელებული იერიშებისას დარტყმებში მოჰყვა რუმინეთის ტერიტორიაც.

რუმინეთის ტულჩის რაიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების აღმოჩენის შესახებ პირველად იტყობინებოდა ტელეარხი Antena 3 CNN-ი. არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ „ნაპოვნია დეტალები, რომლებიც შესაძლოა დრონის ნამსხვრევები იყოს“. არ არის ნათელი, როდის შეიძლება მოხვედრილიყო ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ან მოხდა თუ არა ეს 3 სექტემბრის ღამეს. რუსეთი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებს იერიშებს უკრაინის პორტებზე, რომლებიც რუმინეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. მათ შორის, დარტყმები ხორციელდებოდა წუხელ ღამითაც.

ჯერჯერობით არ იტყობინებიან, მოჰყვება თუ არა რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენას რაიმე ოფიციალური რეაქცია ბუქარესტის მხრიდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას მოეპოვება იმის დამადასტურებელი ფოტომტკიცებულება, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონები ჩამოვარდა 3 სექტემბრის ღამეს განხორციელებული იერიშისას. რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ უარყო კიევის მტკიცებულება. კულებას თქმით, უკრაინის მეზობლებს „აქვთ მიდრეკილება, არ მოახდინონ ამა თუ იმ მოვლენის ესკალაცია, რათა ჩათრეული არ აღმოჩნდნენ კონფლიქტში“ რუსეთთან. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კიევი მზადაა, წარმოადგინოს მტკიცებულებები საკუთარი პოზიციის დასაცავად.

რუმინეთი ნატოს წევრია და მის ტერიტორიაზე შესაძლო იერიში შეიძლება იქცეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლის ამოქმედების საფუძვლად, რაც ითვალისწინებს მოკავშირეებისადმი დახმარებისთვის მიმართვას.

რუსეთის ჯარებმა აქტიურად დაიწყეს ოდესის ოლქის დაბომბვა და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურება მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ივლისის შუა რიცხვებში დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის გარიგება.

წუხელ ღამით ოდესის ოლქის წინააღმდეგ სამი საათის განმავლობაში ახორციელებდნენ იერიშს რუსული უპილოტო საფრენი აპარატები. ერთი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება ოდესის ოლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი.

XS
SM
MD
LG