„მთავარი არხის" ეთერში, ამავე არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ილაპარაკა ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების შესახებ. გვარამიამ აღნიშნა, რომ თავად იყო პირველი მედიამენეჯერი საქართველოში, რომელმაც ღიად ილაპარაკა ტელეკომპანიის პოლიტიკური პრეფერენციების შესახებ.
„რაც შეეხება თავისუფლებას, საქართველოში პირველი მედიამენეჯერი, რომელმაც თქვა, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს პარტიული პრეფერენციები და პოლიტიკური პრეფერენციები (ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფამდე). იმ დროისთვის ეს იყო თითქმის ერთადერთი პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, სავარაუდოდ. მაშინ არც იყო ფორმირებული სხვა პარტიები. მერე გაიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. მე ვთქვი, რომ კი, არ ვაპირებ ამის დამალვას, ეს ასეა, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ეს ნორმალურია, ყველგან ხდება, მაგრამ შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. უყურებდე კონკრეტულ მედიას ან არ უყურებდე. კრამოლა ამაში, რომ რაღაც დაუშვებელი, გაუგონარი და ცუდია, მე ვფიქრობ, არ არის. ცუდია, დამალვა. ბევრი ცდილობს ამის დამალვას, მათ შორის, დამფინანსებლები. ბევრი რა, ტელეკომპანია „იმედი“ არ აღიარებს, რომ სახელისუფლებო მედიაა და აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. მე ჩავთვალე, რომ თავიდანვე უნდა მომეჭრა ამ თემაზე სპეკულაციები", - თქვა გვარამიამ.
ტელეარხის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ არ აპირებს გიორგი გაბუნიას დაგმობას. „პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გიორგის დაგმობას ან განქიქებას არ ვაპირებ ნამდვილად. მე ჩემი ჟურნალისტები არ დამიგმია არასდროს. ერთადერთი გამონაკლისი იყო პუტინის ამბავი, რომელსაც მძიმე შეფასება მივეცი, მაგრამ, ოფლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლე იმისთვის, რომ გიორგის პრობლემები არ ჰქონოდა", - აღნიშნა მან.
გვარამიამ ტელეკომპანიაზე პოლიტიკური გავლენების შესახებაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ „მთავარი არხი" რომელიმე პარტიის გაგრძელება არ ყოფილა.
„რომ გითხრათ, რაღაც გავლენა არ ყოფილა ისეთი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას გავლენა არასდროს არ ჰქონია და არც მიშა სააკაშვილის პოზიციას... ან რომელიმე სხვა დასავლური პარტიისთვის არ გაგვიწევია ანგარიში, ან იმაზე ნაკლებად გაგვიკრიტიკებია, ვიდრე, მაგალითად, ხელისუფლებას გავაკრიტიკებდით, მაგ შემთხვევაში, მოვიტყუები. ეს ასე არ არის. არასდროს გვიმტკიცებია, რომ ეს ასე არ არის. შეიძლება თუ არა ამას შინაგანი ცენზურის რამე პრობლემები მოჰყოლოდა, ალბათ შეიძლება. მაგრამ ის, რომ ჩვენ რომელიღაცა პარტიის გაგრძელება ვიყავით... პირიქით, რომ თქვას ვინმემ, ეს უფრო შეიძლება, რეალობასთან ახლოს იყოს, მაგრამ არ ვყოფილვართ პარტიის გაგრძელება. ყოველ შემთხვევაში მე პარტიებისგანაც ვიცავდი ჩემს ჟურნალისტებს და ხელისუფლებისგან", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ტელეკომპანიის ყოფილი ხელმძღვანელმა გენერალური დირექტორის პოლიციის დატოვების მიზეზებზეც ილაპარაკა.
„სხვათა შორის, მე წავედი დირექტორობიდან, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მე თვითონ ჩავთვალე, რომ შეიძლება, სათანადოდ ეს ყველაფერი არ მეკეთებინა. ჩემი მიზნები გახდა უფრო პოლიტიკური, ვიდრე აქამდე იყო. მე აღქმული ვიქნებოდი გარედან, სხვა თუ არაფერი, უფრო მეტად მიკერძოებულად, - განმარტა მან და ამჟამინდელი ხელმძღვანელის საქმიანობაზე ისაუბრა, - ამ ტელევიზიამ, გიორგიმ [გაბუნიამ], პირველ რიგში დაადასტურა ის, რომ გვარამია ციხეში შემაფერხებელი ფაქტორი კი არ იყო პირიქით, მიუხედავად უმძიმესი, მათ შორის ფინანსური პირობებისა".
ამავე დროს, ნიკა გვარამიასთვის გიორგი გაბუნიას 4 სექტემბრის განცხადება არ არის მისაღები.
„მე ბევრი ლაპარაკი გიორგიზე და ამ მონოლოგზე არ მინდა, თუმცა არ მომეწონა, არც მისი პოლიტიკური ნაწილი, პირდაპირ გეტყვით", - შენიშნა გვარამიამ.
ტელეარხის დამფუძნებელმა, აგრეთვე, ილაპარაკა „მთავარი არხის" მოქმედი დირექტორის პასუხისმგებლობაზე. „მე მინდა ყველას კარგად ესმოდეს, ის [გიორგი გაბუნია] არის ახლა დირექტორი, მას აქვს შეცდომების დაშვების უფლება, მაგრამ მას აქვს შეცდომების გამოსწორების პასუხისმგებლობა", - დაამატა გვარამიამ.
4 სექტემბერს „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ცვლილებები „არა მარტო კოსმეტიკური“, არამედ „ძირეულია“.
„სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
გიორგი გაბუნიას საკუთარი გადაცემის მონოლოგში გამოეხმაურა ამავე არხის ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე. მან გაბუნიას განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა.
„მთავარ არხი", ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. გვარამიას დაკავების შემდეგ გიორგი გაბუნია გახდა არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გვარამიას გათავისუფლების შემდეგ კი - გენერალური დირექტორი.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა 22 ივნისს შეიწყალა, ის 2022 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და თითქმის 7 მილიონი ლარით კომპანიის დაზარალებაში და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე გვარამია საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდა. ნიკა გვარამია ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობას აღარ დაუბრუნდა.