უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს, - ამის შესახებ უკრაინის შძ-ის დაჯგუფება „ტავრიის“ მეთაურმა გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ The Observer-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული ჯარების წინსვლას რამდენიმე კვირა დასჭირდა ნაღმების გაწმენდის მტკივნეული პროცესის გამო, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ახლა ეს [წინსვლა] უფრო ადვილი იქნება უკრაინული ჯარებისთვის.
გენერალს არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად სად მოხდა გარღვევა, მაგრამ საუბრის კონტექსტი და ბოლო მოვლენები ფრონტზე იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ საუბარია სოფელ რაბოტინოს ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქ ტოკმაკის მიმართულებაზე მდებარეობს.
როგორც უკრაინელი გენერალი ამტკიცებს, უკრაინული ძალები გარღვევას აფართოებენ და ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქმნიან საყრდენ პლაცდარმს. "შეტევის ცენტრში, ჩვენ ვამთავრებთ მტრის იმ დანაყოფების განადგურებს, რომლებიც ჯარების მეორე ხაზის უკან გადასვლას ფარავდნენ,"- აცხადებს ტარნავსკი.
გენერლის თქმით, რუსეთს რეზერვებს გადმოჰყავს არა მხოლოდ უკრაინის სხვა ნაწილებიდან, არამედ რუსეთიდანაც, მაგრამ ადრე თუ გვიან მათი „შესაძლებლობები ამოიწურება“ და უკრაინული ძალები უფრო და უფრო სწრაფად შეძლებენ კონტრშეტევის განხორციელებას, - აცხადებს ტარნავსკი.
კომენტატორების აზრით, უკრაინულ შეტევას, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, დასავლეთში პროგრესის ნელი ტემპის გამო აკრიტიკებენ. ტარნავსკის თქმით, დაგეგმილზე მეტი დრო დაიხარჯა ნაღმების გაწმენდის გამო და ბრძოლის ველიდან დაჭრილთა ევაკუაციის პრობლემების გამო. გენერალმა აღნიშნა, რომ ნაღმების სიმჭიდროვე ისეთი იყო, რომ ის რეალურად არ იძლეოდა სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით განაღმვის საშუალებას და ის მხოლოდ გამნაღმველთა მცირე ჯგუფების მიერ ხორციელდებოდა.
ტარნავსკიმ არ ისაუბრა იმ ვადაზე, როდესაც უკრაინელი სამხედროები შეძლებენ ყირიმამდე ან აზოვის ზღვამდე მისვლას. გენერალმა გამოხატა მხოლოდ რწმენა, რომ შეტევა უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან საომარი მოქმედებების დროს პაუზა მხოლოდ რუსეთს მოუტანს სარგებელს.
ბოლო დღეებში, როგორც უკრაინის სარდლობამ, ასევე რუსულმა ტელეგრამის არხებმა განაცხადეს, რაბოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, კერძოდ, სოფლების ვერბოვოეისა და ნოვოპროკოპოვკის მიდამოებში მიმდინარე ბრძოლების შესახებ. ამავე დროს, რუსული არხები ირწმუნებიან, რომ თავდაცვის პირველი ხაზი, როგორც ასეთი, ჯერ კიდევ არ არის გადალახული უკრაინული ჯარების მიერ.
საომარი მოქმედებების პირობებში თითქმის შეუძლებელია მხარეების მიერ გავრცელებული განცხადებების სინამდვილის ოპერატიულად გადამოწმება.