რუსეთის არმიის "დისკრედიტაციის" მუხლით, მოსკოვში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება რუსეთის სახალხო არტისტ ლია ახეჯაკოვას მიმართ. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება.
შემოწმება დაიწყო სპექტაკლ "ჩემი შვილიშვილი ბენიამინის" გამო, რომლის ჩვენებაც 27 ივნისს შედგა ბრემენში, სადაც ახეჯაკოვამ სცენაზე უკრაინის დროშა გამოიტანა.
შემოწმების ჩატარების მოთხოვნით შესაბამის უწყებას "უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული ფედერალური პროექტის" ხელმძღვანელმა, ვიტალი ბოროდინმა მიმართა. მისი აზრით, ახეჯაკოვამ "რუსეთის დისკრედიტაცია" მოახდინა.
ვიტალი ბოროდინის სახელი პრესაში ხშირად ხვდება გენერალურ პროკურატურაში მის მიმართვებთან დაკავშირებით, - სადაც იგი რუსული კულტურის იმ წარმომადგენლების შემოწმებას ითხოვს, რომლებიც ომის საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავენ.
მანამდე ბოროდინმა ამჟამად ისრაელში მცხოვრები ალა პუგაჩოვას მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაძლო ფინანსური დახმარების გაწევის შესწავლა მოითხოვა.
ლია ახეჯაკოვა, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი და მხარი დაუჭირა უკრაინას, "სოვრემენნიკში" 1977 წლიდან მუშაობდა.
მიმდინარე წლის 10 მარტს მან თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.