Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი მოხალისე მებრძოლი დაასაფლავეს


ცხინვალი, 2 სექტემბერი, 2023 წელი
ცხინვალი, 2 სექტემბერი, 2023 წელი

ოკუპირებულ ცხინვალში შაბათს დაასაფლავეს არტურ ხაჩიროვი - მოხალისე, რომელიც უკრაინაში, რუსეთის მხარეს იბრძოდა.

ოსური მედიის ცნობით, ის უკრაინაში რუსეთის მხარეს, ე.წ. დონბასის რესპუბლიკებში იბრძოდა. 33 წლის არტურ ხაჩიროვი იქ მოხალისედ იყო წასული. მას მეუღლე და 5 შვილი დარჩა. ოკუპირებულ ცხინვალში მის დაკრძალვას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი და დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

გაგლოევმა ხაჩიროვი სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცხინვალში, უკრაინიდან ჩამოსვენებული 30 ჯარისკაცზე მეტი დაკრძალეს.

ადგილობრივ საზოგადოებაში ომში დაღუპულებისადმი დამოკიდებულება ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ბიჭების ომში გაგზავნა და მათი იქ დაღუპვა, „მცირე ერის“ სიკვდილს უტოლდება.

სოციალურ ქსელში ამდენ მსხვერპლს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდეს.

ცხინვალელი ახალგაზრდების ნაწილი რუსეთის მე-4 საოკუპაციო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობს. 58-ე არმიის, ამ ბაზის სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი ახლა უკრაინაშია გაყვანილი. მეორე ნაწილი კი იქ მოხალისეებად არიან წასულები.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 2022 წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა.

ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG