უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება დაახლოებით 160 გამანადგურებელი თვითმფრინავი F-16, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის დომინირება საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ მან პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის ლიდერის თქმით, გარდა უკვე დაპირებული დაახლოებით 60 ამერიკული გამანადგურებლისა, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად მზად უნდა იყოს 2024 წლის დასაწყისისთვის, უკრაინას კიდევ ასი F-16 სჭირდება.
ზლენსკის თქმით, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქვეყნის დაცვისთვის სჭირდება და არა კონტრშეტევისთვის.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებდა, რომ უკრაინას სჭირდებოდა 128 ამერიკული გამანადგურებელი, რათა ქვეყნის საავიაციო პარკის განახლება მოეხდინა.
- 2023 წლის ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის და ალიანსის წევრი 11 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა გააფორმეს F-16-ებისთვის უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად კოალიციის შექმნის მემორანდუმი.
- 20-21 აგვისტოს ნიდერლანდსა და დანიაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების თანხმობის შემდეგ, ნიდერლანდი უკრაინას გადასცემს 42 ამერიკულ გამანადგურებელ F-16-ს, ხოლო დანია - 19-ს. მათ სანაცვლოდ ეს ქვეყნები ახალ ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებენ.
- პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა 24 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო უახლოეს თვეებში დაიწყებს F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვისა და ტექნიკური მომსახურებისთვის უკრაინელი პილოტების მომზადებას.