Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა „სულელურს“ უწოდებს "ვაგნერთან" დაკავშირებით პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მოთხოვნებს


ალიაქსანდრ ლუკაშენკა
ალიაქსანდრ ლუკაშენკა

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ქვეყნიდან იქ განთავსებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები. საპასუხოდ, ალექსანდრე ლუკაშენკამ თქვა, რომ ეს არის " არაგონივრული და სულელური მოთხოვნები."

„პასუხი მარტივია: არც პოლონეთში, არც ლიეტუვასა და არც ბალტიის სხვა ქვეყნებში არ უნდა იმყოფებოდეს არცერთი უცხოელი სამხედრო. მაშინ შეგიძლიათ წამოგვიყენოთ პრეტენზიები სხვა ქვეყნის სამხედროების აქ ყოფნის გამო. მანამდე ეს არის დაუსაბუთებელი და სულელური მოთხოვნები. თანაც არა წინადადება ან თხოვნა, არამედ მოთხოვნა“, - მოჰყავს ლუკაშენკას სიტყვები სახელისუფლებო სააგენტო „ბელტას“.

28 აგვისტოს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ, ბალტიის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ბელორუსში რამდენიმე ათასი შეიარაღებული დაქირავებულის ყოფნა საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე მთელ რეგიონს. მისივე თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოები არ გამორიცხავენ „ვაგნერელების“ მონაწილეობით "სამხედრო ხასიათის ინციდენტებს". ამ შემთხვევაში, კამინსკის თქმით, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მზად არიან მთლიანად დახურონ ბელორუსთან საზღვრები.

ივნისის ბოლოს რუსეთში ხანმოკლე ამბოხების მოწყობის შემდეგ, "ვაგნერის" ათასობით მებრძოლი ბელარუსში გადავიდა. ეს იყო ნაწილი შეთანხმებისა, რომლითაც მათ უნდა დაეტოვებინათ უკრაინა, სადაც "ვაგნერი" რუსეთის ძალებთან ერთად იბრძოდა.

25 აგვისტოს, „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების ბელარუსში ყოფნასთან დაკავშირებით ლუკაშენკამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახლო მომავალში, დაახლოებით 10 000 „ვაგნერელი“ მოიყრის თავს და დარჩება, ვიდრე ეს ბელარუსს დასჭირდება. „ისინი ჩვენთან ერთად იცხოვრებენ და იმუშავებენ“, - თქვა ლუკაშენკამ.

XS
SM
MD
LG