კრემლი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მართალია, ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, მაგრამ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ყველაფერი ნათელია: ვლადიმირ პუტინი, რომელიც ხელისუფლებაში 24 წელია იმყოფება, პრეზიდენტობის მორიგი ვადისთვის იბრძოლებს. 2018 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება „წინა ვადების განულების შესახებ“ მას ამის საშუალებას აძლევს. მეტიც, როგორც საინფორმაციო-ანალიტიკური საიტი meduza.io იტყობინება, კრემლი (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ბლოკის სახით) ასევე ჩამოყალიბდა „სპარინგ პარტნიორებზეც“, რომლებმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „კონკურენცია უნდა გაუწიონ“ ვლადიმირ პუტინს. გამოცემა კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის ოპონენტთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ასაკია: პუტინის კონკურენტები არ უნდა იყვნენ 50 წელზე ნაკლები ასაკის, რათა მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც უკვე 70 წლისაა, ამომრჩევლის თვალში მოხუცად არ გამოჩნდეს.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელახლა იქნება არჩეული 2024 წლის არჩევნებში ხმების 90-ზე მეტი პროცენტით“, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა. 2023 წლის 6 აგვისტოს პუბლიკაციის მიხედვით, პესკოვმა ასევე თქვა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები მთლად დემოკრატია არაა, ეს უფრო ძვირად ღირებული ბიუროკრატიააო.
პუტინის რუსეთში მართლაც წინასწარაა ცნობილი არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა. როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი ეკატერინა შულმანი ამბობს, 2012 წლიდან მოყოლებული რუსეთში გამართულ ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედებდა სქემა პირობითი სახელწოდებით „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“.
„ფიფქია ყოველთვის ერთი და იგივეა, იცვლებიან ჯუჯები, - ამბობს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, 2024 წლის 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებიც ანალოგიური სქემით გაიმართება, რადგან კრემლს აქვს სავალო გამოცდილება, თუ რა ხდება, როცა ყველა ჯუჯა 100%-ით ჯუჯა არ არის.
„2018 წლის არჩევნებზე კომუნისტების კანდიდატი იყო პაველ გრუდინინი - ე.წ. მარწყვის მეფე, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თავი დაიზიანა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სტალინის მოუზომავი ქებით, ყველასთვის მოულოდნელად, მიიღო 8,7 მლნ ხმა (11,7%) და პუტინის შემდეგ მეორე შედეგი აჩვენა. ამ არჩევნების შემდეგ გრუდინინის გვარი პერიოდულად ამოხტება ხოლმე სოციოლოგიური გამოკითხვების ელექტორალურ პრიორიტეტებში, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რამდენად სახიფათოა კრემლისთვის ფიფქია/ჯუჯების სქემიდან გადახვევა“, - ამბობს ეკატერინა შულმანი, რომლის ვარაუდით, კრემლი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2024 წლის არჩევნებში ისეთმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა, რომლებიც პუტინს პრობლემებს ვერ შეუქმნიან:
„როცა უკეთესი მომავლის არანაირი ხედვა არ გაქვს, როცა არ შეგიძლია რამე დაჰპირდე ამომრჩეველს, ძნელია გარისკო და მართლა ალტერნატიულ კანდიდატს დაუპირისპირდე. მოგიწევს რაღაც დაპატენტებული გონჯების მოგროვება და მათი დამარცხება“.
ინტერნეტ-გამოცემა meduza.io, კრემლის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, სწორედ იმას ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური ბლოკი, რომელსაც პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, სერგეი კირიენკო ხელმძღვანელობს, უკვე დაკავებულია პრეზიდენტობის ე.წ. სპოილერი კანდიდატების შერჩევით.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების თქმით, აქცენტი კეთდება ასაკზე, რადგან ახალგაზრდა კანდიდატების მონაწილეობამ შესაძლოა დააფიქროს რუსეთის მოქალაქეები იმაზე, რომ პუტინი „აღარ არის ის, ვინც ხელისუფლებაში „მტკიცე ხელის“ წყალობით მოვიდა“.
სავარაუდო „სპოილერებს“ (კრემლის მიერ დანიშნულ კონკურენტებს) შორის ინტერნეტ-გამოცემა ასახელებს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის (КПРФ) 79 წლის ხელმძღვანელს გენადი ზიუგანოვს, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР) თავმჯდომარეს, ლეონიდ სლუცკის და პარტია „ახალი ადამიანების“ ლიდერს ალექსეი ნეჩაევს. კრემლის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, ამ კანდიდატებთან „ბრძოლაში“ ვლადიმირ პუტინმა დამაჯერებლად, ხმების 80%-ზე მეტით უნდა გაიმარჯვოს.
გენადი ზიუგანოვი - როგორც meduza.io-ს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განმარტა, პუტინი მიჩვეულია ზუგანოვთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას. ზიუგანოვს, რომელსაც კარგად იცნობს რუსი ამომრჩეველი, აქვს მხარდაჭერის მკაფიო ზედა ზღვარი, რის გამოც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან შეძლოს ახალი ამომრჩევლის მიზიდვა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზიუგანოვმა მიიღო 17%, 2012 წელს - 18%. რეიტინგის ასეთი სტაბილურობა მნიშვნელოვანია. „ლევადა ცენტრის“ გამოკითხვების მიხედვით, ახლა გენადი ზიუგანოვის ნდობის რეიტინგი 3%-ია, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიისა კი - 10%.
ლეონიდ სლუცკი - კრემლის გეგმების მიხედვით, სლუცკი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР) ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ, პრეზიდენტობის კარგი კანდიდატი იქნება. „შესაფერისი კანდიდატია - სერიოზულია, თანამდებობაც აქვს და პიჯაკიც. მასზე არავინ იტყვის, რომ წმინდა წყლის სპოილერია", - უთხრეს meduza-ს ანონიმურმა წყაროებმა კრემლიდან. როგორც ირკვევა, თავად თავად სლუცკისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, „რადგან მას უყვარს პიარი და საზოგადოებაში გამოჩენა".
"პირადი პოპულარობის ამაღლების მიზნით ახლა სლუცკი თავში უდგას პარტიულ სიებს რეგიონულ არჩევნებში: მისი ფოტოები პარტიული გაზეთების პირველ გვერდებზეა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი ამას დაემატება მეტი ტელეეთერი დებატების დროს“, - წერს გამოცემა.
ალექსეი ნეჩაევი - პუტინის ადმინისტრაციას ასევე სურს ოპონენტად იხილოს პარტია „ახალი ადამიანების“ ლიდერი, ბიზნესმენი ალექსეი ნეჩაევი, თუმცა, კრემლთან დაახლოებული წყაროების თანახმად, თავად ნეჩაევს კარგად ესმის, რომ „ბევრი პროცენტის აღების საშუალებას არ მიცემენ, ხოლო ნამცეცები 2%-ის სახით მას თვითონ არ უნდა“.
ნეჩაევი თავის ნაცვლად კრემლს სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილეს ვლადისლავ დავანკოვის კანდიდატურას სთავაზობს. თუმცა, კრემლს გრუდინინის ფენომენის განმეორების ეშინია. საქმე ისაა, რომ დავანკოვი 39 წლისაა და საჯაროდ საუბარიც ეხერხება. Meduza-ს წყაროების თქმით, გასაგებია, რომ ის დიდ პროცენტს ვერ მიიღებს, მაგრამ ახალგაზრდა და აქტიურ კანდიდატს შეუძლია ამომრჩეველი პუტინის ასაკზე დააფიქროს.
კომპანია Russian Field-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც 2023 წლის წლის მაისში ჩატარდა, „ასაკი“ რიგით მესამე ყველაზე პოპულარული პასუხია კითხვაზე, თუ რა „არ მოსწონთ“ რუსებს მოქმედი პრეზიდენტისა. გამოკითხულებმა ასაკზე წინ პუტინის სირბილე და რუსეთის შიდა პრობლემებისადმი უყურადღებობა დაასახელეს. Meduza-ს წყაროებმა, რომელიც პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინს სულ უფრო ხშირად უწოდებენ "ბაბუას". არადა, სულ ცოტა ხნის წინ პუტინი მისი მომხრეებისთვის (თანაპარტიელებისთვის, ჩინოვნიკებისთვის, პიარტექნოლოგებისთვის და სხვებისთვის) „პირველი“, „მთავარი“, „მთავარსარდალი“ და „მამა“ იყო.
რუსი პოლიტოლოგისა და ბერლინის კარნეგის ცენტრის თანამშრომლის, ანდრეი კოლესნიკოვის თქმით, 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს კრემლისთვის, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თადარიგს წინასწარ იჭერენ:
„კრემლისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან უნდა მოახდინონ არჩევნების სიმულაცია, რათა აჩვენონ, რომ რუსეთი მაინც ცივილიზებულ ქვეყნად რჩება. არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ამოცანა - გამოირიცხოს პოპულისტური ლიდერის ასპარეზზე გამოსვლა. პრიგოჟინი უკვე გამოირიცხა, ნავალნი კი ციხეშია. ასე რომ, ყველა შერჩეული ფიგურა უხიფათოა: სრულიად სტერილური ზიუგანოვი მართლაც დავიწროებული ელექტორატით; აბსოლუტურად არანაირი სლუცკი, რომელიც მოქმედებს როგორც ჟირინოვსკის ერთგვარი ჩრდილი და ა.შ. შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ ერთადერთი ფუნქცია - შემატონ არჩევნებს კვაზი-ლიბერალური კომპონენტი, რამაც თავის მხრივ უნდა მიიზიდოს ქალაქად მცხოვრები განათლებული, საშუალო კლასის ელექტორატი. მოკლედ, მთავარი არჩევნების იმიტაციაა, თუმცა იმ პირობით, რომ კანდიდატები უვნებლები იქნებიან „ნაჩალნიკისთვის“.
კრემლი ვარაუდობს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი მივა. ანდრეი კოლესნიკოვის თქმით, ტოტალიტარულ ქვეყნებში, სადაც დიდია როგორც ადმინისტრაციული წნეხი, ასევე ხელისუფლებაზე დამოკიდებული საბიუჯეტო ორგანიზაციების რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეობის მაღალი პროცენტი ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, 2024 წლის 17 მარტის არჩევნებზე ამომრჩევლის მისვლის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი შეიძლება იყოს შემდეგი მიზეზის გამო:
„ეს იქნება წინა არჩევნებისგან განსხვავებული არჩევნები. აქ ხალხზე ზეწოლის ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება. ეს უკვე სხვა რეჟიმია, ხოლო არჩევნებზე ბელადისა და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ლეგიტიმურობის საკითხი წყდება.“
- რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს უნდა გაიმართოს. ვლადიმერ პუტინს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, რომ აპირებს მეხუთე ვადით იყაროს კენჭი.
- 2018 წლის არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმათა 76,9% მიიღო.
- რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტს 6 წლის ვადით ირჩევენ.